პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” სპეციალურ ბრიფინგს მართავს.
ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნაზი ჯანეზაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე ჟურნალისტებს გააცნობენ 2009 წელს საქართველოში მედიის საქმიანობის შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ დასკვნებსა და შეფასებებს, ისაუბრებენ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევების და ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე.
ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლს” ათობით საქმე აქვს ნაწარმოები ადგილობრივ სასამართლოებში ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად. ორგანიზაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას იყოს ჟურნალისტთა და მედიის წარმომადგენელთა ინტერესების დამცველი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მოუწოდებს მედიის ყველა წარმომადგენელს _ გადაარჩინონ საქართველოში პროფესია ჟურნალისტი, დაიცვან საკუთარი დამოუკიდებლობა, სიმართლე და პროფესიული ღირსება.
ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს და ამიტომ მოუწოდებს, თავი შეიკავოს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევისაგან, სასწრაფოდ უზრუნველყოს ჟურნალისტთა საქმიანობისათვის ხელის შეშლის ყველა ფაქტის გამოძიება და მოხდინოს ადეკვატური რეაგირება საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებსა და შეფასებებზე, რომლებიც მედიაში არსებული ვითარებას და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევების ფაქტებს ეხება.
0 comments:
Post a Comment
თქვენი კომენტარი მნიშვნელოვანია!