Thursday, May 13, 2010

ხშირად დასმული შეკითხვები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ


რა არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს. თუ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას შეუძლია, თავისი ფუნქციები ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ნებისმიერ ადგილას შეასრულოს. იგი შედგება იმდენი მოსამართლისაგან, რამდენმა ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომაც მოახდინა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირება. მოსამართლეები დამოუკიდებლად მოქმედებენ და არ წარმოდგენენ ამა თუ იმ სახელმწიფოს.

რა არის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია?

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია საერთაშორისო შეთანხმებაა, რომლის ხელმოწერა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ. კონვენციაში, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სასამართლო და განსაზღვრულია მისი მუშაობის მექანიზმი, ჩამოთვლილია ის უფლებები და გარანტიები, რომელთა პატივისცემის ვალდებულება იკისრეს ხელმომწერმა სახელმწიფოებმა.

როდის შეუერთდა საქართველო ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა ევროპულ კონვენციას და მის დამატებით ოქმებს?

ევროპულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 1999 წლის 27 აპრილს. 1999 წლის 20 მაისს პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიცირება და ის ძალაში შევიდა.

I დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2002 წლის 7 ივნისს;
IV დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2000 წლის 13 აპრილს;
VI დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2000 წლის 1 მაისს;
VII დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2000 წლის 1 ივლისს;
XII დამატებითი ოქმი 2005 წლის 1 აპრილს;
XIII დამატებითი ოქმი 2003 წლის 1 სექტემბერს;

რა უფლებებს ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები?

1950 წლის კონვენცია იცავს

სიცოცხლის უფლებას (მე-2 მუხლი);
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას (მე-5 მუხლი);
სისხლის და სამოქალაქო საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (მე-6 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას (მე-8 მუხლი);
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას (მე-9 მუხლი);
გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი);
შეკრებისა და გაერთიანების თავისულებას (მე-11 მუხლი);
ქორწინების უფლებას (მე-12 მუხლი);
სამართლიანი დაცვის ეფექტიანი დაცვის უფლებას (მე-13 მუხლი);

პირველი დამატებითი ოქმი იცავს :
საკუთრების დაცვის უფლებას ( I მუხლი);
განათლების უფლებას (მე-2 მუხლი);
თავისუფალი არჩევნების უფლებას (მე-3 მუხლი);

მე- 4 დამატებითი ოქმი იცავს :
მიმოსვლის თავისუფლებას (მე-2 მუხლი);

მე-7 დამატებითი ოქმი იცავს :
უცხოელთა გაძევებასთან დკავშირებული პროცედურული გარანტიების უფლებას ( I მუხლი);
სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლებას (მე-2 მუხლი);
კომპენსაციის უფლებას მცდარი მსჯავრდებისათვის (მე-3 მუხლი);
მეუღლეთა თანასწორობის უფლებას (მე-5 მუხლი);

1950 წლის კონვენცია კრძალავს

წამებას და არადამიანურ თუ დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელს (მე-3 მუხლი);
ადამიანის თვითნებურ და უკანონო დაკავებას (მე-5 მუხლი);
სასჯელს კანონის გარეშე (მე-7 მუხლი);
დისკრიმინაციას კონვენციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას (მე-14
მუხლი);

მე-4 დამატებითი ოქმი კრძალავს
სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების გამოსახლებას ან მათთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას (მე-3 მუხლი);
უცხოელთა კოლექტიურ გაძევებას (მე-4 მუხლი);

მე-6 დამატებითი ოქმი კრძალავს
სიკვდილით დასჯას ( I მუხლი);

მე-7 დამატებითი ოქმი კრძალავს
ხელმეორედ გასამართლებას ან დასჯას (მე-4 მუხლი);

მე-12 დამატებითი ოქმი კრძალავს
ზოგად დისკრიმინაციას ( I მუხლი);

მე-13 დამატებითი ოქმი კრძალავს
ნებისმიერ ვითარებაში სიკვდილით დასჯას (I მუხლი);

რა უფლებამოსილებები აქვს ევროპის სასამართლოს?

ევროპის სასამართლო არ წარმოადგენს ეგრეთწოდებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს და არ არის უფლებამოსილი გააუქმოს, შეცვალოს ქვეყნის შიდა სასამართლოს გადაწყვეტილებები ან გააუქმოს ადგილობრივი კანონები. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის ან/და მისი დამტებითი ოქმების კონკრეტული მუხლების დარღვევას და დაადგინოს მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხა სამართლიანი დაკმაყოფილების სახით. სასამართლოს შეუძლია, დაავალდებულოს სახელმწიფო აანაზღაუროს ყველა დანახარჯი, რომელიც გაწეული იყო საქმის წარმოებისას. თუ სასამართლო დაადგენს, რომ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით დაცული უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, განმცხადებელს არ დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა (მაგალითად, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გაღებული დანახარჯები).

ვის შეუძლია მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ვის წინააღმდეგ?

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსადმი ინდივიდუალური განაცხადით მიმართვა შეუძლია ფიზიკურ პირს, არასამთავრობო ორგანიზაციას, ან ცალკეულ პირთა ჯგუფს იმ სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელთაც აკისრიათ კონვენციის შესრულების ვალდებულება; ასევე, სახელმწიფოთაშორისო განაცხადით ხელშემკვრელ სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წინააღმდეგ.

რა შემთხვევაში შეიძლება ევროპული სასამართლოსათვის მიმართვა?

თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი; ასევე ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სახელმწიფოთაშორისო განაცხადით, მაღალი ხელშემკვრელი სხვა მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ. კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს იმ პერიოდიდან, როდესაც კონკრეტულ სახელმწიფოსთან მიმართებაში ძალაში შევიდა კონვენცია ან მისი დამატებითი ოქმი. ამასთანავე, საჩივარი უნდა ეხებოდეს კონვენციისა და შესაბამისი დამატებითი ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ მომხდარ მოვლენებს.

რა პირობების დაცვა არის აუცილებელი ევროპულ სასამართლოში განაცხადის შეტანამდე?

დარღვევის ჩამდენ სახელმწიფოში თქვენ გამოყენებული უნდა გქონდეთ ყველა სამართლებრივი ზომა, რომლითაც შესაძლებელია თქვენს განაცხადში მითითებული სიტუაციის გამოსწორება.ეს ნიშნავს ყველა შიდა სამართლებრივი ინსტანციების ამოწურვას.

რა ვადაში შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვა?

ქვეყნის შიდა ინსტანციის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან 6 თვის ვადაში.

შეიძლება თუ არა უკანონო პატიმრობის გასაჩივრება?

შეიძლება. განმცხადებელს, დაპატიმრების შესახებ საბოლოო ბრძანების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში უფლება აქვს, მიმართოს ევროპულ სასამართლოს.

რა არის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მისამართი?

ევროპის საბჭო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საფრანგეთი
F-67075 სტრასბურგ ცედექსი
ტელ: (00) 333 88 41 20 18
ფაქსი: (00) 333 88 41 27 30
ვებსაიტი: www.echr.coe.int

Council of Europe
European Court of Human Rights
France
F-67075
Tel: (00) 333 88 41 20 18
Fax: (00) 333 88 41 27 30
web-site: www.echr.coe.int

როგორ შეიძლება განაცხადის გაგზავნა?

განაცხადი შეგიძლიათ გააგზავნოთ ფოსტით ან ფაქსით. ფაქსით გაგზავნის შემთხვევაში, რამოდენიმე დღის ვადაში, ხელმოწერილი დედანი აუცილებლად ფოსტითაც უნდა გაიგზავნოს. სასამართლო განაცხადის წარდგენის თარიღად, ნებისმიერ შემთხვევაში, ფოსტით თუ ფაქსით გაგზავნილ განაცხადზე მითითებულ თარიღს მიიჩნევს.

რას უნდა შეიცავდეს განაცხადი?

განაცხადის შედგენისას უნდა შეავსოთ განაცხადის სპეციალური ფორმა. განაცხადი უნდა შეიცავდეს განმცხადებლის შესახებ მოთხოვნილ ინფორმაციას, მის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, მოქალაქეობას, სქესს, საქმიანობას, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონი ფაქსი). წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში, წარმომადგენლის ვინაობას, საქმიანობას, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონი, ფაქსი). განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს/სახელმწიფოების დასახელება, რომელთა წინააღმდეგაც არის მიმართული განაცხადი. განაცხადში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ფაქტების მოკლე აღწერა და კონვენციისა და/ან მისი დამატებითი ოქმების ის მუხლები, რომლებიც, თქვენი აზრით, დაირღვა და შესაბამისი არგუმენტები; ის სამართლებრივი ზომები, რომლებსაც უკვე მიმართეთ; თქვენი მოთხოვნა სამართლიანი დაკმაყოფილების სახით; თქვენს საქმესთნ დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების ასლები; განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერა და თარიღი.

რომელ ენაზე უნდა მოხდეს განაცხადის წარდგენა ევროპის სასამართლოში?

მართალია, სასამართლოს ოფიციალური ენები ინგლისური და ფრანგულია, მაგრამ განაცხადის გაგზავნა დასაშვებია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი ნებისმიერი ქვეყნის ოფიციალურ ენაზე. განაცხადის დასაშვებად ცნობამდე, განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის სასამართლოსთან ნებისმიერი კომუნიკაცია და კომენტარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე შეიძლება წარმოებდეს. განაცხადის დასაშვებად ცნობის შემდგომ, მხარეებმა სასამართლოსთან ურთიერთობა სასამართლოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე უნდა აწარმოონ.

სავალდებულოა თუ არა განაცხადი ადვოკატმა წარადგინოს?

ევროპულ სასამართლოში სავალდებულო არ არის განაცხადი ადვოკატმა წარადგინოს. სტრასბურგის სასამართლოში ბევრი განაცხადი თავად განმცხადებლებს შეაქვთ. სასამართლოს, თავდაპირველად, წარმომადგენლის საშუალებითაც შეიძლება მიმართონ. არ არის სავალდებულო, ეს პირი ადვოკატი იყოს. ევროპის სასამართლო ითხოვს, რომ მას შემდეგ, რაც მოპასუხე მთავრობას ეცნობება საქმის ვითარება, განმცხადებელი წარმოდგენილი უნდა იყოს წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც უნდა ფლობდეს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ლიცენზიას და უნდა წარმოადგენდეს ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს.

არსებობს თუ არა ევროპის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის დადგენილი გადასახადი?

განმცხადებელი საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ იხდის სასამართლოს გადასახადს. ევროპის სასამართლოში განაცხადის გაგზავნა არ არის დაკავშირებული იმ ფინანსურ გარემოებებთან, რასაც ქვეყნის შიგნით საქმის წარმოება შეიძლება მოიცავდეს.

განაცხადთან ერთად რა დოკუმენტები შეიძლება გაიგზავნოს ევროპის სასამართლოში?

განაცხადთან ერთად ევროპის სასამართლოში წარდგენილ უნდა იქნეს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებული ყველა შესაბამისი დოკუმენტის ასლი (არა დედნები). თანდართულ დოკუმენტებად წარდგენილ უნდა იქნეს ადგილობრივ სასამართლოებში შეტანილი სარჩელები, განცხადებები, საჩივრები, სასამართლოს გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, ევროპის სასამართლოს თავად შეუძლია მოგთხოვოთ რომელიმე დამატებითი მტკიცებულების წარდგენა. წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში, განაცხადს უნდა დაერთოს რწმუნებულების ფორმა.

განაცხადის გაგზავნის შემდეგ მატყობინებს თუ არა ევროპის სასამართლო ჩემი განაცხადის მიღებას?

თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადის მიღებისას, სასამართლო ხსნის საქმეს და განაცხადს ანიჭებს თავის ნომერს. სასამართლოს სამდივნოს იურისტი განმცხადებელის წარმომადგენელს ან თავად განმცხადებელს წერილობით ატყობინებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების მიღებას და თხოვს განაცხადთან დაკავშირებულ ყოველ მომდევნო კორესპონდენციაში აღნიშნული ნომრის მითითებას.

კონფიდენციალურია თუ არა ევროპის სასამართლოში საქმის წარმოება?

სასამართლოში, როგორც საქმის წარმოება, ასევე მიღებული ყველა გადაწყვეტილება საჯაროა. თუმცა, სასამართლოს შესაბამისი პალატის თავმჯდომარემ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებლის ანონიმურობის დაცვის შესახებ “გამონაკლის და შესაბამისად, დასაბუთებულ შემთხვევებში”. განმცხადებელს, რომელსაც არ სურს გამჟღავნდეს მისი ვინაობა, ანონიმურობის თხოვნით, წერილობით შეუძლია მიმართოს სასამართლოს. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას, განმცხადებელს ანონიმური ინიციალით, მაგ., X ან Y-ით მოიხსენიებენ.

რა არის დროებითი ღონისძიება?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემაში არ არის რაიმე ქმედების სასამართლო აკრძალვის პრაქტიკა. თუმცა, გადაუდებელ საქმეებში, როცა განმცხადებლის სიცოცხლე საფრთხეშია და არსებობს სერიოზული საფრთხე მის მიმართ ცუდად მოპყრობასთან დაკავშირებით, სასამართლომ, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება დროებით ზომებს მიმართოს. სასამართლო პალატამ ან მისმა თავმჯდომარემ საკუთარი ინიციატივით, მხარის ან ნებისმიერი შესაბამისი პირის მოთხოვნით, ერთ-ერთ მხარეს შეიძლება მიუთითოს ნებისმიერი დროებითი ღონისძიების გატარება, რაც აუცილებელია მხარეთა ან სასამართლო პროცესის სათანადოდ წარმართვის ინტერესებიდან გამომდინარე. დროებითი ღონისძიების გატარება, ჩვეულებრივ, მოპასუხე მხარეს ეკისრება ხოლმე. ამ საკითხს სასამართლო სამი სხვადასხვა კუთხით განიხილავს.

არსებობს თუ არა გამოუსწორებელი ზიანის აშკარად სერიოზული საფრთხე;
არის თუ არა ზიანი, რაც ამ საფრთხემ შეიძლება მოიტანოს, გარდაუვალი და გამოუსწორებელი;
არის თუ არა საქმის არგუმენტები (თავდაპირველი შეფასებით) დამტკიცებადი;


განმცხადებელი, რომელიც გადაუდებელ შემთხვევებში ითხოვს დროებითი ღონისძიების გატარებას, მოთხოვნა ფაქსით ან ელ-ფოსტით უნდა გააგზავნოს. მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გატარების თაობაზე ჩვეულებრივი საფოსტო წესით არ უნდა გაიგზავნოს იმ დაყოვნების გამო, რაც შეიძლება ამგვარმა გაგზავნამ გამოიწვიოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განმცხადებელმა ასევე წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გნმცხადებლის სიცოცხლისათვის არსებული რისკი ან მის მიმართ ცუდი მოპყრობის საფრთხე. დროებითი ღონისძიების გატარების შესახებ დაკმაყოფილებულ მოთხოვნას, სასამართლო მინისტრთა კომიტეტს უგზავნის, რომელიც ზედამხედველობს აღნიშნული ღონისძიების გატარებას.

რამდენი ხანი დასჭირდება ევროპის სასამართლოში საქმის განხილვას?

საქმის განხილვას საშუალოდ 4-5 წელი სჭირდება, ზოგიერთ საქმეს კი უფრო ხანგრძლივი დროც.

შესაძლოა თუ არა ევროპის სასამართლოში საქმის განხილვა დაჩქარებული წესით?

სასამართლოს ჩვეულებრივი პროცედურის მიხედვით, საქმეები იმ რიგით განიხილება, რომლითაც შედის სასამართლოში. რასაკვირველია, რეგისტრაციის შემდეგ, სხვადასხვა საქმის მსვლელობას სხვადასხვა დრო სჭირდება, რაც დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე. სასამართლომ შესაძლოა პრიორიტეტი მიანიჭოს გარკვეულ საქმეებს და დაჩქარებულ ვადებში განიხილოს. თუ დაჩქარებას განმცხადებელი მოითხოვს, საჭიროა სასამართლოსათვის მიზეზების სრულად დასახელება საქმის განხილვის რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე.

შესაძლოა თუ არა სასამართლოში საქმეების გაერთიანება?

სასამართლომ შეიძლება საქმეების გაერთიანება გადაწყვიტოს, რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქმეები იდენტურ ან საკმაოდ მსგავს საკითხებს შეეხება. სასამართლომ საქმეების გაერთიანება შეიძლება მოახდინოს როგორც მხარეების მოთხოვნით, ასევე საკუთარი ინიციატივითაც.

როგორ ხდება განაცხადის დასაშვებობის გადაწყვეტა?

თითოეული განაცხადი გადაეცემა სექციას, რომლის პრეზიდენტი ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს. საქმის წინასწარი განხილვის დროს, მომხსენებელმა მოსამართლემ შესაძლებელია კონკრეტული ვადის მითითებით, დამატებითი ინფორმაციის ან მასალების მიწოდება სთხოვოს რომელიმე მხარეს. ამის შემდეგ, მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს საჩივრის დასაშვებობის საკითხზე იმსჯელოს სამი წევრისაგან შემდგარმა კომიტეტმა თუ პალატამ. კომიტეტს შეუძლია განაცხადი გამოაცხადოს დაუშვებლად და ამოიღოს სიიდან შემდგომი განხილვის გარეშე. ის ინდივიდუალური განაცხადები, რომლებიც კომიტეტის მიერ არ არის გამოცხადებული დაუშვებლად ან მომხსენებელი მოსამართლის მიერ გადაეცა პირდაპირ პალატას, ასევე სახელმწიფოთაშორისი განაცხადები, განიხილება პალატის მიერ. პალატა განსაზღვრავს ორივე საკითხს - დასაშვებობას და არსებით მხარეს, განცალკევებული გადაწყვეტილებებით ან ერთობლივად.

რა ხდება განაცხადის დასაშვებად ცნობის შემდეგ?

მას შემდეგ, რაც პალატა გადაწყვეტს დასაშვებად ცნოს განაცხადი, მას შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ შემდგომი მტკიცებულებები და წერილობითი მიმოხილვა საქმესთან დაკავშირებით და, ამასთანავე, განმცხადებელს შესთავაზოს წარმოადგინოს მოთხოვნა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხთან დაკავშირებით.

შესაძლებელია თუ არ მორიგება ევროპის სასამართლოში?

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო აცხადებს განაცხადს დაშვებულად, ის წერილობით აცნობებს მხარეებს თავის სამსახურს საქმეზე მორიგების მისაღწევად და, ამასთან დაკავშირებით, სთავაზობს წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები. ამგვარი შეთავაზება ჩვეულებრივ იმ წერილში იქნება, რომლითაც სასამართლო საქმის დასაშვებობას ამცნობს განმცხადებელს. მორიგების მოლაპარაკებები კონფიდენციალურია. მოპასუხე მთავრობისათვის მორიგება არის საშუალება, დაასრულოს საქმე, რომელიც შესაძლოა განმცხადებლისათვის წარმატებით დასრულდეს და ამგვარად აირიდოს სასამართლოს გადაწყვეტილება განმცხადებლის მიმართ კონვენციის შესაბამისი მოთხოვნის დარღვევის შესახებ. სავსებით შესაძლებელია, იმისთვისაც იყოს მზად, რომ განმცხადებელს მორიგების მისაღწევად ფულადი კომპენსაცია და ხარჯების ანაზღაურებაც შესთავაზოს და პარალელურად ქვეყანაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად. განმცხადებლისათვის მორიგების პროცედურა შეიძლება იყოს შესაძლებლობა, მიაღწიოს უფრო მეტს, ვიდრე ის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიაღწევდა. სასამართლოს გადაწყვეტილება განმცხადებლისათვის იქნება მის მიმართ კონვენციის დარღვევის ან მისთვის “სამართლიანი დაკმაყოფილების” ანაზღაურების დეკლარირება. ხოლო მორიგების პროცედურის ფარგლებში, განმცხადებელს მთავრობასთან შეუძლია აწარმოოს მისთვის ანაზღაურების ნებისმიერი ფორმის შესახებ მოლაპარაკება, კომპენსაციისა და დანახარჯების ანაზღაურების ჩათვლით, მორიგების პროცედურის ფარგლებში განმცხადებელს ასევე შეუძლია მთავრობისაგან მიიღოს პირობა, რომ ეს უკანასკნელი გადახედავს ამა თუ იმ პრაქტიკას და კანონებს და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს ახალ კანონს. ნებისმიერი მორიგება შეიძლება მოიცავდეს იმ პირობას, რომ მთავრობამ გარკვეულ დროში გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მთავრობა შესაძლოა უფრო მაღალი კომპენსაციის გადახდასაც დათანხმდეს, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს. თუმცა, ზოგიერთი განმცხადებლისთვის თავად სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ ამ პერსპექტივამ მორიგებაზე უარი ათქმევინოს. თუ მიღწეულია მორიგება, სასამართლო საქმეს ამორიცხავს საქმეთა ნუსხიდან შესაბამისი განჩინებით, რომელიც ფაქტებისა და მიღწეული შეთანხმების მოკლედ გადმოცემით შემოიფარგლება.

შესაძლებელია თუ არა საქმის წარმოების შეწყვეტა?

საქმის მორიგებით გადაწყვეტის გარდა, სასამართლომ საქმე წარმოების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შეწყვიტოს, თუ ჩათვლის, რომ:

განმცხადებელს აღარ აქვს განზრახული, ბოლომდე მისდიოს თავის განაცხადს;
დავა გადაწყდა;
სასამართლოს მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა მიზეზით, განაცხადის განხილვის გაგრძელება
აღარ არის გამართლებული.


ტარდება თუ არა ზეპირი მოსმენა ევროპის სასამართლოში?

სასამართლოს მიერ საქმეზე ზეპირი მოსმენის ჩატარება დღეს გამონაკლისი უფროა, ვიდრე წესი. საქმეების უმეტესობას მოსმენის გარეშე წყვეტენ. უფრო სავარაუდოა, რომ სასამართლომ მოსმენა იმ შემთხვევაში ჩაატაროს, როცა საჭიროა ფაქტების, ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ან სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. საქმის სამართლებრივი ან პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რაც სასამართლოს მოსმენის ჩატარებას გადააწყვეტინებს. მოსმენა, ჩვეულებრივ, სასამართლოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე (ინგლისურად ან ფრანგულად) ტარდება.

რა ენაზე გამოაქვს ევროპის სასამართლოს თავისი გადაწყვეტილება?

სასამართლოს გადაწყვეტილება სამართალწარმოების ორ ოფიციალურ ენაზე გამოაქვს (ინგლისურად ან ფრანგულად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო გადაწყვეტს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს ორივე ოფიციალურ ენაზე.

რა შემთხვევაში ხდება საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა?

პალატის გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან სამი თვის ვადაში, საქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს, გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლია ითხოვოს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა. მოთხოვნას დიდი პალატის ხუთი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია იხილავს. კოლეგია წყვეტს საქმე შეეხება თუ არა:

კონვენციის და მისი დამატებითი ოქმების განმარტებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხს;
კონვენციის და მისი დამატებითი ოქმების გამოყენებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხს (მაგალითად, თუ ეს გამოყენება იწვევს ქვეყნის შიდა კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში არსებითი ცვლილებების შეტანის აუცილებლობას);
ზოგადი მნიშვნელობის სერიოზულ საკითხს (მაგალითად, რაიმე არსებითი პოლიტიკური პრობლემა);


თუ თხოვნა არ დაკმაყოფილდა, დიდი პალატა არ არის ვალდებული განმარტოს დაუკმაყოფილებლობის მიზეზები. ხოლო დაკმაყოფილების შემთხვევაში, დიდი პალატა საქმეს გადაწყვეტს გადაწყვეტილების გამოტანით.

შესაძლებელია თუ არა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა?

გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლის ვადაში, როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ შეიძლება მოითხოვოს გადაწყვეტილების განმარტება. ამგვარ თხოვნას, ჩვეულებრივ, ის პალატა განიხილავს, რომელმაც თავის დროზე გადაწყვეტილება მიიღო, თუ მისი შემადგენლობის შეკრება მოხერხდება. პალატის თავდაპირველი შემადგენლობის შეკრების შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარე პალატას კენჭისყრით აყალიბებს. გადაწყვეტილების განმარტების თხოვნა შეიძლება არ დაკმაყოფილდეს, თუ არ არსებობს თხოვნის განხილვის მიზეზი. სხვა შემთხვევებში მოწინააღმდეგე მხარეს სთხოვენ, გადაწყვეტილების განმარტების თხოვნაზე თავისი კომენტარი მითითებულ ვადაში წარმოადგინოს. თუ თხოვნა დაკმაყოფილდა, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება. განმარტებისას სასამართლო არ გასცდება გადაწყვეტილების შინაარსს. თხოვნას, განიმარტოს თუ რატომ განისაზღვრა “სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში” განმცხადებლისათვის ასანაზღაურებლად ესა თუ ის თანხა, სასამართლო ჩვეულებრივ არ განიხილავს და ამას მიიჩნევს საკითხად, რომელიც სცილდება განმარტების ფარგლებს.

შესაძლოა თუ არა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნა?

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ აღმოჩნდება ფაქტი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას ცნობილი არ იყო სასამართლოსთვის და ალბათობაც არ არსებობს, რომ ის მხარეებისათვის ცნობილი იქნებოდა და ამ ფაქტს შეუძლია გადამწყვეტი ზეგავლენა იქონიოს სასამართლოს მსჯელობაზე, მხარეს შეუძლია გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, ფაქტის მოპოვებიდან ექვსი თვის განმავლობაში. გადაწყვეტილების გადასინჯვის თხოვნა შეიძლება არ დაკმაყოფილდეს, თუ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების მიზეზი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თხოვნა დაკმაყოფილდა, სასამართლოს გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება.

როგორ ხდება ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება?

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება სავალდებულო აღსრულებას. მინისტრთა კომიტეტი, რომელიც არის ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანო, მეთვალყურეობას უწევს წევრი ქვეყნების ვალდებულებათა შესრულებას, მათ შორის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას. მას შემდეგ რაც, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, განმცხადებელს არ ეკისრება რაიმე სახის ზომების მიღება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ავტომატურად გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს. საბოლოო გადაწყვეტილების მინისტრთა კომიტეტისადმი გადაცემის შემდეგ, ეს უკანასკნელი მოპასუხე სახელმწიფოს სთხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მასზე დაკისრებული ნებისმიერი სამართლიანი კომპენსაციის (კომპენსაცია და/ან ხარჯები) ანაზღაურების შესახებ, ისევე როგორც ნებისმიერი ცალკეული ზომის შესახებ, რაც სახელმწიფოს მიიყვანს შესაბამისობაში გადაწყვეტილებით დაკისრებულ სამართლებრივ ვალდებულებასთან. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს 3 თვის ვადაში. გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც ეგზავნება სააღსრულებო ბიუროს. განმცხადებელი, რომლის სასარგებლოდ არის გამოტანილი გადაწყვეტილება, უნდა გამოცხადდეს სააღსრულებო ბიუროში, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის შემდეგაც სასამართლოს აღმასრულებელი გადასცემს მას შესაბამის დოკუმენტს, სადაც მითითებული იქნება იმ თანხის ოდენობა, რომელიც მან უნდა მიიღოს. შესაბამისი დოკუმენტის ბანკში წარდგენით, განმცხადებელი მიიღებს ევროპის სასამართლოს მიერ ბიუჯეტიდან მის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას.

1 comments:

mitka7777 said...

იურიდიული პირების განაცხად არ განიხილავენ?

Post a Comment

თქვენი კომენტარი მნიშვნელოვანია!

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა:
- ქვეყანაში არსებული მოწყლადი და მარგინალური ჯგუფებისათვის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩათვლით, სამართლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
- ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანოთა პრეცედენტული სამართლისა და სტანდარტებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დაჩქარება;
- პრაქტიკოსი, ასევე მომავალი ადვოკატების პროფესიონალური დონის ამაღლება;
საქართველოში მცირე საწარმოთათვის სამართლიანი იურიდიული გარემოსა და ბიზნეს-ეთიკის დამკვიდრების ხელშეწყობა.

კლინიკა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათის

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდა იურისტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან. დაარსებიდან დღემდე "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ეგიდით არა ერთი ტრეინინგი, სემინარი და შეხვედრა გამართულა. ორგანიზაცია ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს კვალიფიციური ადვოკატების მომზადებაში. ამ მიზნით, ჩვენთან არსებული "იურიდიული კლინიკის" ფარგლებში დამწყებ იურისტებს ვასწავლით საადვოკატო საქმიანობას.