Thursday, May 13, 2010

ხშირად დასმული შეკითხვები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ


რა არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს. თუ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას შეუძლია, თავისი ფუნქციები ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ნებისმიერ ადგილას შეასრულოს. იგი შედგება იმდენი მოსამართლისაგან, რამდენმა ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომაც მოახდინა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირება. მოსამართლეები დამოუკიდებლად მოქმედებენ და არ წარმოდგენენ ამა თუ იმ სახელმწიფოს.

რა არის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია?

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია საერთაშორისო შეთანხმებაა, რომლის ხელმოწერა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ. კონვენციაში, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სასამართლო და განსაზღვრულია მისი მუშაობის მექანიზმი, ჩამოთვლილია ის უფლებები და გარანტიები, რომელთა პატივისცემის ვალდებულება იკისრეს ხელმომწერმა სახელმწიფოებმა.

როდის შეუერთდა საქართველო ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა ევროპულ კონვენციას და მის დამატებით ოქმებს?

ევროპულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 1999 წლის 27 აპრილს. 1999 წლის 20 მაისს პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიცირება და ის ძალაში შევიდა.

I დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2002 წლის 7 ივნისს;
IV დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2000 წლის 13 აპრილს;
VI დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2000 წლის 1 მაისს;
VII დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2000 წლის 1 ივლისს;
XII დამატებითი ოქმი 2005 წლის 1 აპრილს;
XIII დამატებითი ოქმი 2003 წლის 1 სექტემბერს;

რა უფლებებს ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები?

1950 წლის კონვენცია იცავს

სიცოცხლის უფლებას (მე-2 მუხლი);
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას (მე-5 მუხლი);
სისხლის და სამოქალაქო საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (მე-6 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას (მე-8 მუხლი);
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას (მე-9 მუხლი);
გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი);
შეკრებისა და გაერთიანების თავისულებას (მე-11 მუხლი);
ქორწინების უფლებას (მე-12 მუხლი);
სამართლიანი დაცვის ეფექტიანი დაცვის უფლებას (მე-13 მუხლი);

პირველი დამატებითი ოქმი იცავს :
საკუთრების დაცვის უფლებას ( I მუხლი);
განათლების უფლებას (მე-2 მუხლი);
თავისუფალი არჩევნების უფლებას (მე-3 მუხლი);

მე- 4 დამატებითი ოქმი იცავს :
მიმოსვლის თავისუფლებას (მე-2 მუხლი);

მე-7 დამატებითი ოქმი იცავს :
უცხოელთა გაძევებასთან დკავშირებული პროცედურული გარანტიების უფლებას ( I მუხლი);
სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლებას (მე-2 მუხლი);
კომპენსაციის უფლებას მცდარი მსჯავრდებისათვის (მე-3 მუხლი);
მეუღლეთა თანასწორობის უფლებას (მე-5 მუხლი);

1950 წლის კონვენცია კრძალავს

წამებას და არადამიანურ თუ დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელს (მე-3 მუხლი);
ადამიანის თვითნებურ და უკანონო დაკავებას (მე-5 მუხლი);
სასჯელს კანონის გარეშე (მე-7 მუხლი);
დისკრიმინაციას კონვენციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას (მე-14
მუხლი);

მე-4 დამატებითი ოქმი კრძალავს
სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების გამოსახლებას ან მათთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას (მე-3 მუხლი);
უცხოელთა კოლექტიურ გაძევებას (მე-4 მუხლი);

მე-6 დამატებითი ოქმი კრძალავს
სიკვდილით დასჯას ( I მუხლი);

მე-7 დამატებითი ოქმი კრძალავს
ხელმეორედ გასამართლებას ან დასჯას (მე-4 მუხლი);

მე-12 დამატებითი ოქმი კრძალავს
ზოგად დისკრიმინაციას ( I მუხლი);

მე-13 დამატებითი ოქმი კრძალავს
ნებისმიერ ვითარებაში სიკვდილით დასჯას (I მუხლი);

რა უფლებამოსილებები აქვს ევროპის სასამართლოს?

ევროპის სასამართლო არ წარმოადგენს ეგრეთწოდებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს და არ არის უფლებამოსილი გააუქმოს, შეცვალოს ქვეყნის შიდა სასამართლოს გადაწყვეტილებები ან გააუქმოს ადგილობრივი კანონები. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის ან/და მისი დამტებითი ოქმების კონკრეტული მუხლების დარღვევას და დაადგინოს მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხა სამართლიანი დაკმაყოფილების სახით. სასამართლოს შეუძლია, დაავალდებულოს სახელმწიფო აანაზღაუროს ყველა დანახარჯი, რომელიც გაწეული იყო საქმის წარმოებისას. თუ სასამართლო დაადგენს, რომ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით დაცული უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, განმცხადებელს არ დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა (მაგალითად, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გაღებული დანახარჯები).

ვის შეუძლია მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ვის წინააღმდეგ?

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსადმი ინდივიდუალური განაცხადით მიმართვა შეუძლია ფიზიკურ პირს, არასამთავრობო ორგანიზაციას, ან ცალკეულ პირთა ჯგუფს იმ სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომელთაც აკისრიათ კონვენციის შესრულების ვალდებულება; ასევე, სახელმწიფოთაშორისო განაცხადით ხელშემკვრელ სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წინააღმდეგ.

რა შემთხვევაში შეიძლება ევროპული სასამართლოსათვის მიმართვა?

თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლნი; ასევე ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სახელმწიფოთაშორისო განაცხადით, მაღალი ხელშემკვრელი სხვა მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ. კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს იმ პერიოდიდან, როდესაც კონკრეტულ სახელმწიფოსთან მიმართებაში ძალაში შევიდა კონვენცია ან მისი დამატებითი ოქმი. ამასთანავე, საჩივარი უნდა ეხებოდეს კონვენციისა და შესაბამისი დამატებითი ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ მომხდარ მოვლენებს.

რა პირობების დაცვა არის აუცილებელი ევროპულ სასამართლოში განაცხადის შეტანამდე?

დარღვევის ჩამდენ სახელმწიფოში თქვენ გამოყენებული უნდა გქონდეთ ყველა სამართლებრივი ზომა, რომლითაც შესაძლებელია თქვენს განაცხადში მითითებული სიტუაციის გამოსწორება.ეს ნიშნავს ყველა შიდა სამართლებრივი ინსტანციების ამოწურვას.

რა ვადაში შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვა?

ქვეყნის შიდა ინსტანციის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან 6 თვის ვადაში.

შეიძლება თუ არა უკანონო პატიმრობის გასაჩივრება?

შეიძლება. განმცხადებელს, დაპატიმრების შესახებ საბოლოო ბრძანების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში უფლება აქვს, მიმართოს ევროპულ სასამართლოს.

რა არის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მისამართი?

ევროპის საბჭო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საფრანგეთი
F-67075 სტრასბურგ ცედექსი
ტელ: (00) 333 88 41 20 18
ფაქსი: (00) 333 88 41 27 30
ვებსაიტი: www.echr.coe.int

Council of Europe
European Court of Human Rights
France
F-67075
Tel: (00) 333 88 41 20 18
Fax: (00) 333 88 41 27 30
web-site: www.echr.coe.int

როგორ შეიძლება განაცხადის გაგზავნა?

განაცხადი შეგიძლიათ გააგზავნოთ ფოსტით ან ფაქსით. ფაქსით გაგზავნის შემთხვევაში, რამოდენიმე დღის ვადაში, ხელმოწერილი დედანი აუცილებლად ფოსტითაც უნდა გაიგზავნოს. სასამართლო განაცხადის წარდგენის თარიღად, ნებისმიერ შემთხვევაში, ფოსტით თუ ფაქსით გაგზავნილ განაცხადზე მითითებულ თარიღს მიიჩნევს.

რას უნდა შეიცავდეს განაცხადი?

განაცხადის შედგენისას უნდა შეავსოთ განაცხადის სპეციალური ფორმა. განაცხადი უნდა შეიცავდეს განმცხადებლის შესახებ მოთხოვნილ ინფორმაციას, მის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, მოქალაქეობას, სქესს, საქმიანობას, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონი ფაქსი). წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში, წარმომადგენლის ვინაობას, საქმიანობას, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონი, ფაქსი). განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს/სახელმწიფოების დასახელება, რომელთა წინააღმდეგაც არის მიმართული განაცხადი. განაცხადში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ფაქტების მოკლე აღწერა და კონვენციისა და/ან მისი დამატებითი ოქმების ის მუხლები, რომლებიც, თქვენი აზრით, დაირღვა და შესაბამისი არგუმენტები; ის სამართლებრივი ზომები, რომლებსაც უკვე მიმართეთ; თქვენი მოთხოვნა სამართლიანი დაკმაყოფილების სახით; თქვენს საქმესთნ დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების ასლები; განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერა და თარიღი.

რომელ ენაზე უნდა მოხდეს განაცხადის წარდგენა ევროპის სასამართლოში?

მართალია, სასამართლოს ოფიციალური ენები ინგლისური და ფრანგულია, მაგრამ განაცხადის გაგზავნა დასაშვებია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი ნებისმიერი ქვეყნის ოფიციალურ ენაზე. განაცხადის დასაშვებად ცნობამდე, განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის სასამართლოსთან ნებისმიერი კომუნიკაცია და კომენტარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე შეიძლება წარმოებდეს. განაცხადის დასაშვებად ცნობის შემდგომ, მხარეებმა სასამართლოსთან ურთიერთობა სასამართლოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე უნდა აწარმოონ.

სავალდებულოა თუ არა განაცხადი ადვოკატმა წარადგინოს?

ევროპულ სასამართლოში სავალდებულო არ არის განაცხადი ადვოკატმა წარადგინოს. სტრასბურგის სასამართლოში ბევრი განაცხადი თავად განმცხადებლებს შეაქვთ. სასამართლოს, თავდაპირველად, წარმომადგენლის საშუალებითაც შეიძლება მიმართონ. არ არის სავალდებულო, ეს პირი ადვოკატი იყოს. ევროპის სასამართლო ითხოვს, რომ მას შემდეგ, რაც მოპასუხე მთავრობას ეცნობება საქმის ვითარება, განმცხადებელი წარმოდგენილი უნდა იყოს წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც უნდა ფლობდეს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ლიცენზიას და უნდა წარმოადგენდეს ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს.

არსებობს თუ არა ევროპის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის დადგენილი გადასახადი?

განმცხადებელი საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ იხდის სასამართლოს გადასახადს. ევროპის სასამართლოში განაცხადის გაგზავნა არ არის დაკავშირებული იმ ფინანსურ გარემოებებთან, რასაც ქვეყნის შიგნით საქმის წარმოება შეიძლება მოიცავდეს.

განაცხადთან ერთად რა დოკუმენტები შეიძლება გაიგზავნოს ევროპის სასამართლოში?

განაცხადთან ერთად ევროპის სასამართლოში წარდგენილ უნდა იქნეს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებული ყველა შესაბამისი დოკუმენტის ასლი (არა დედნები). თანდართულ დოკუმენტებად წარდგენილ უნდა იქნეს ადგილობრივ სასამართლოებში შეტანილი სარჩელები, განცხადებები, საჩივრები, სასამართლოს გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, ევროპის სასამართლოს თავად შეუძლია მოგთხოვოთ რომელიმე დამატებითი მტკიცებულების წარდგენა. წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში, განაცხადს უნდა დაერთოს რწმუნებულების ფორმა.

განაცხადის გაგზავნის შემდეგ მატყობინებს თუ არა ევროპის სასამართლო ჩემი განაცხადის მიღებას?

თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადის მიღებისას, სასამართლო ხსნის საქმეს და განაცხადს ანიჭებს თავის ნომერს. სასამართლოს სამდივნოს იურისტი განმცხადებელის წარმომადგენელს ან თავად განმცხადებელს წერილობით ატყობინებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების მიღებას და თხოვს განაცხადთან დაკავშირებულ ყოველ მომდევნო კორესპონდენციაში აღნიშნული ნომრის მითითებას.

კონფიდენციალურია თუ არა ევროპის სასამართლოში საქმის წარმოება?

სასამართლოში, როგორც საქმის წარმოება, ასევე მიღებული ყველა გადაწყვეტილება საჯაროა. თუმცა, სასამართლოს შესაბამისი პალატის თავმჯდომარემ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებლის ანონიმურობის დაცვის შესახებ “გამონაკლის და შესაბამისად, დასაბუთებულ შემთხვევებში”. განმცხადებელს, რომელსაც არ სურს გამჟღავნდეს მისი ვინაობა, ანონიმურობის თხოვნით, წერილობით შეუძლია მიმართოს სასამართლოს. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას, განმცხადებელს ანონიმური ინიციალით, მაგ., X ან Y-ით მოიხსენიებენ.

რა არის დროებითი ღონისძიება?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემაში არ არის რაიმე ქმედების სასამართლო აკრძალვის პრაქტიკა. თუმცა, გადაუდებელ საქმეებში, როცა განმცხადებლის სიცოცხლე საფრთხეშია და არსებობს სერიოზული საფრთხე მის მიმართ ცუდად მოპყრობასთან დაკავშირებით, სასამართლომ, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება დროებით ზომებს მიმართოს. სასამართლო პალატამ ან მისმა თავმჯდომარემ საკუთარი ინიციატივით, მხარის ან ნებისმიერი შესაბამისი პირის მოთხოვნით, ერთ-ერთ მხარეს შეიძლება მიუთითოს ნებისმიერი დროებითი ღონისძიების გატარება, რაც აუცილებელია მხარეთა ან სასამართლო პროცესის სათანადოდ წარმართვის ინტერესებიდან გამომდინარე. დროებითი ღონისძიების გატარება, ჩვეულებრივ, მოპასუხე მხარეს ეკისრება ხოლმე. ამ საკითხს სასამართლო სამი სხვადასხვა კუთხით განიხილავს.

არსებობს თუ არა გამოუსწორებელი ზიანის აშკარად სერიოზული საფრთხე;
არის თუ არა ზიანი, რაც ამ საფრთხემ შეიძლება მოიტანოს, გარდაუვალი და გამოუსწორებელი;
არის თუ არა საქმის არგუმენტები (თავდაპირველი შეფასებით) დამტკიცებადი;


განმცხადებელი, რომელიც გადაუდებელ შემთხვევებში ითხოვს დროებითი ღონისძიების გატარებას, მოთხოვნა ფაქსით ან ელ-ფოსტით უნდა გააგზავნოს. მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გატარების თაობაზე ჩვეულებრივი საფოსტო წესით არ უნდა გაიგზავნოს იმ დაყოვნების გამო, რაც შეიძლება ამგვარმა გაგზავნამ გამოიწვიოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განმცხადებელმა ასევე წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გნმცხადებლის სიცოცხლისათვის არსებული რისკი ან მის მიმართ ცუდი მოპყრობის საფრთხე. დროებითი ღონისძიების გატარების შესახებ დაკმაყოფილებულ მოთხოვნას, სასამართლო მინისტრთა კომიტეტს უგზავნის, რომელიც ზედამხედველობს აღნიშნული ღონისძიების გატარებას.

რამდენი ხანი დასჭირდება ევროპის სასამართლოში საქმის განხილვას?

საქმის განხილვას საშუალოდ 4-5 წელი სჭირდება, ზოგიერთ საქმეს კი უფრო ხანგრძლივი დროც.

შესაძლოა თუ არა ევროპის სასამართლოში საქმის განხილვა დაჩქარებული წესით?

სასამართლოს ჩვეულებრივი პროცედურის მიხედვით, საქმეები იმ რიგით განიხილება, რომლითაც შედის სასამართლოში. რასაკვირველია, რეგისტრაციის შემდეგ, სხვადასხვა საქმის მსვლელობას სხვადასხვა დრო სჭირდება, რაც დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე. სასამართლომ შესაძლოა პრიორიტეტი მიანიჭოს გარკვეულ საქმეებს და დაჩქარებულ ვადებში განიხილოს. თუ დაჩქარებას განმცხადებელი მოითხოვს, საჭიროა სასამართლოსათვის მიზეზების სრულად დასახელება საქმის განხილვის რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე.

შესაძლოა თუ არა სასამართლოში საქმეების გაერთიანება?

სასამართლომ შეიძლება საქმეების გაერთიანება გადაწყვიტოს, რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქმეები იდენტურ ან საკმაოდ მსგავს საკითხებს შეეხება. სასამართლომ საქმეების გაერთიანება შეიძლება მოახდინოს როგორც მხარეების მოთხოვნით, ასევე საკუთარი ინიციატივითაც.

როგორ ხდება განაცხადის დასაშვებობის გადაწყვეტა?

თითოეული განაცხადი გადაეცემა სექციას, რომლის პრეზიდენტი ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს. საქმის წინასწარი განხილვის დროს, მომხსენებელმა მოსამართლემ შესაძლებელია კონკრეტული ვადის მითითებით, დამატებითი ინფორმაციის ან მასალების მიწოდება სთხოვოს რომელიმე მხარეს. ამის შემდეგ, მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს საჩივრის დასაშვებობის საკითხზე იმსჯელოს სამი წევრისაგან შემდგარმა კომიტეტმა თუ პალატამ. კომიტეტს შეუძლია განაცხადი გამოაცხადოს დაუშვებლად და ამოიღოს სიიდან შემდგომი განხილვის გარეშე. ის ინდივიდუალური განაცხადები, რომლებიც კომიტეტის მიერ არ არის გამოცხადებული დაუშვებლად ან მომხსენებელი მოსამართლის მიერ გადაეცა პირდაპირ პალატას, ასევე სახელმწიფოთაშორისი განაცხადები, განიხილება პალატის მიერ. პალატა განსაზღვრავს ორივე საკითხს - დასაშვებობას და არსებით მხარეს, განცალკევებული გადაწყვეტილებებით ან ერთობლივად.

რა ხდება განაცხადის დასაშვებად ცნობის შემდეგ?

მას შემდეგ, რაც პალატა გადაწყვეტს დასაშვებად ცნოს განაცხადი, მას შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ შემდგომი მტკიცებულებები და წერილობითი მიმოხილვა საქმესთან დაკავშირებით და, ამასთანავე, განმცხადებელს შესთავაზოს წარმოადგინოს მოთხოვნა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხთან დაკავშირებით.

შესაძლებელია თუ არ მორიგება ევროპის სასამართლოში?

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო აცხადებს განაცხადს დაშვებულად, ის წერილობით აცნობებს მხარეებს თავის სამსახურს საქმეზე მორიგების მისაღწევად და, ამასთან დაკავშირებით, სთავაზობს წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები. ამგვარი შეთავაზება ჩვეულებრივ იმ წერილში იქნება, რომლითაც სასამართლო საქმის დასაშვებობას ამცნობს განმცხადებელს. მორიგების მოლაპარაკებები კონფიდენციალურია. მოპასუხე მთავრობისათვის მორიგება არის საშუალება, დაასრულოს საქმე, რომელიც შესაძლოა განმცხადებლისათვის წარმატებით დასრულდეს და ამგვარად აირიდოს სასამართლოს გადაწყვეტილება განმცხადებლის მიმართ კონვენციის შესაბამისი მოთხოვნის დარღვევის შესახებ. სავსებით შესაძლებელია, იმისთვისაც იყოს მზად, რომ განმცხადებელს მორიგების მისაღწევად ფულადი კომპენსაცია და ხარჯების ანაზღაურებაც შესთავაზოს და პარალელურად ქვეყანაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად. განმცხადებლისათვის მორიგების პროცედურა შეიძლება იყოს შესაძლებლობა, მიაღწიოს უფრო მეტს, ვიდრე ის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიაღწევდა. სასამართლოს გადაწყვეტილება განმცხადებლისათვის იქნება მის მიმართ კონვენციის დარღვევის ან მისთვის “სამართლიანი დაკმაყოფილების” ანაზღაურების დეკლარირება. ხოლო მორიგების პროცედურის ფარგლებში, განმცხადებელს მთავრობასთან შეუძლია აწარმოოს მისთვის ანაზღაურების ნებისმიერი ფორმის შესახებ მოლაპარაკება, კომპენსაციისა და დანახარჯების ანაზღაურების ჩათვლით, მორიგების პროცედურის ფარგლებში განმცხადებელს ასევე შეუძლია მთავრობისაგან მიიღოს პირობა, რომ ეს უკანასკნელი გადახედავს ამა თუ იმ პრაქტიკას და კანონებს და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს ახალ კანონს. ნებისმიერი მორიგება შეიძლება მოიცავდეს იმ პირობას, რომ მთავრობამ გარკვეულ დროში გარკვეული ნაბიჯები გადადგას. მთავრობა შესაძლოა უფრო მაღალი კომპენსაციის გადახდასაც დათანხმდეს, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს. თუმცა, ზოგიერთი განმცხადებლისთვის თავად სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, რომ ამ პერსპექტივამ მორიგებაზე უარი ათქმევინოს. თუ მიღწეულია მორიგება, სასამართლო საქმეს ამორიცხავს საქმეთა ნუსხიდან შესაბამისი განჩინებით, რომელიც ფაქტებისა და მიღწეული შეთანხმების მოკლედ გადმოცემით შემოიფარგლება.

შესაძლებელია თუ არა საქმის წარმოების შეწყვეტა?

საქმის მორიგებით გადაწყვეტის გარდა, სასამართლომ საქმე წარმოების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შეწყვიტოს, თუ ჩათვლის, რომ:

განმცხადებელს აღარ აქვს განზრახული, ბოლომდე მისდიოს თავის განაცხადს;
დავა გადაწყდა;
სასამართლოს მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა მიზეზით, განაცხადის განხილვის გაგრძელება
აღარ არის გამართლებული.


ტარდება თუ არა ზეპირი მოსმენა ევროპის სასამართლოში?

სასამართლოს მიერ საქმეზე ზეპირი მოსმენის ჩატარება დღეს გამონაკლისი უფროა, ვიდრე წესი. საქმეების უმეტესობას მოსმენის გარეშე წყვეტენ. უფრო სავარაუდოა, რომ სასამართლომ მოსმენა იმ შემთხვევაში ჩაატაროს, როცა საჭიროა ფაქტების, ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ან სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. საქმის სამართლებრივი ან პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რაც სასამართლოს მოსმენის ჩატარებას გადააწყვეტინებს. მოსმენა, ჩვეულებრივ, სასამართლოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე (ინგლისურად ან ფრანგულად) ტარდება.

რა ენაზე გამოაქვს ევროპის სასამართლოს თავისი გადაწყვეტილება?

სასამართლოს გადაწყვეტილება სამართალწარმოების ორ ოფიციალურ ენაზე გამოაქვს (ინგლისურად ან ფრანგულად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო გადაწყვეტს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს ორივე ოფიციალურ ენაზე.

რა შემთხვევაში ხდება საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა?

პალატის გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან სამი თვის ვადაში, საქმის მონაწილე ნებისმიერ მხარეს, გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლია ითხოვოს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა. მოთხოვნას დიდი პალატის ხუთი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია იხილავს. კოლეგია წყვეტს საქმე შეეხება თუ არა:

კონვენციის და მისი დამატებითი ოქმების განმარტებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხს;
კონვენციის და მისი დამატებითი ოქმების გამოყენებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხს (მაგალითად, თუ ეს გამოყენება იწვევს ქვეყნის შიდა კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში არსებითი ცვლილებების შეტანის აუცილებლობას);
ზოგადი მნიშვნელობის სერიოზულ საკითხს (მაგალითად, რაიმე არსებითი პოლიტიკური პრობლემა);


თუ თხოვნა არ დაკმაყოფილდა, დიდი პალატა არ არის ვალდებული განმარტოს დაუკმაყოფილებლობის მიზეზები. ხოლო დაკმაყოფილების შემთხვევაში, დიდი პალატა საქმეს გადაწყვეტს გადაწყვეტილების გამოტანით.

შესაძლებელია თუ არა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა?

გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლის ვადაში, როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ შეიძლება მოითხოვოს გადაწყვეტილების განმარტება. ამგვარ თხოვნას, ჩვეულებრივ, ის პალატა განიხილავს, რომელმაც თავის დროზე გადაწყვეტილება მიიღო, თუ მისი შემადგენლობის შეკრება მოხერხდება. პალატის თავდაპირველი შემადგენლობის შეკრების შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარე პალატას კენჭისყრით აყალიბებს. გადაწყვეტილების განმარტების თხოვნა შეიძლება არ დაკმაყოფილდეს, თუ არ არსებობს თხოვნის განხილვის მიზეზი. სხვა შემთხვევებში მოწინააღმდეგე მხარეს სთხოვენ, გადაწყვეტილების განმარტების თხოვნაზე თავისი კომენტარი მითითებულ ვადაში წარმოადგინოს. თუ თხოვნა დაკმაყოფილდა, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება. განმარტებისას სასამართლო არ გასცდება გადაწყვეტილების შინაარსს. თხოვნას, განიმარტოს თუ რატომ განისაზღვრა “სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში” განმცხადებლისათვის ასანაზღაურებლად ესა თუ ის თანხა, სასამართლო ჩვეულებრივ არ განიხილავს და ამას მიიჩნევს საკითხად, რომელიც სცილდება განმარტების ფარგლებს.

შესაძლოა თუ არა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნა?

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ აღმოჩნდება ფაქტი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას ცნობილი არ იყო სასამართლოსთვის და ალბათობაც არ არსებობს, რომ ის მხარეებისათვის ცნობილი იქნებოდა და ამ ფაქტს შეუძლია გადამწყვეტი ზეგავლენა იქონიოს სასამართლოს მსჯელობაზე, მხარეს შეუძლია გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, ფაქტის მოპოვებიდან ექვსი თვის განმავლობაში. გადაწყვეტილების გადასინჯვის თხოვნა შეიძლება არ დაკმაყოფილდეს, თუ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების მიზეზი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თხოვნა დაკმაყოფილდა, სასამართლოს გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება.

როგორ ხდება ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება?

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება სავალდებულო აღსრულებას. მინისტრთა კომიტეტი, რომელიც არის ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანო, მეთვალყურეობას უწევს წევრი ქვეყნების ვალდებულებათა შესრულებას, მათ შორის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას. მას შემდეგ რაც, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, განმცხადებელს არ ეკისრება რაიმე სახის ზომების მიღება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ავტომატურად გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს. საბოლოო გადაწყვეტილების მინისტრთა კომიტეტისადმი გადაცემის შემდეგ, ეს უკანასკნელი მოპასუხე სახელმწიფოს სთხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ მასზე დაკისრებული ნებისმიერი სამართლიანი კომპენსაციის (კომპენსაცია და/ან ხარჯები) ანაზღაურების შესახებ, ისევე როგორც ნებისმიერი ცალკეული ზომის შესახებ, რაც სახელმწიფოს მიიყვანს შესაბამისობაში გადაწყვეტილებით დაკისრებულ სამართლებრივ ვალდებულებასთან. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს 3 თვის ვადაში. გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც ეგზავნება სააღსრულებო ბიუროს. განმცხადებელი, რომლის სასარგებლოდ არის გამოტანილი გადაწყვეტილება, უნდა გამოცხადდეს სააღსრულებო ბიუროში, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის შემდეგაც სასამართლოს აღმასრულებელი გადასცემს მას შესაბამის დოკუმენტს, სადაც მითითებული იქნება იმ თანხის ოდენობა, რომელიც მან უნდა მიიღოს. შესაბამისი დოკუმენტის ბანკში წარდგენით, განმცხადებელი მიიღებს ევროპის სასამართლოს მიერ ბიუჯეტიდან მის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას.

Monday, May 10, 2010

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


2010 წლის 10 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი “21–ე საუკუნე”, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების დაცვისა და განმტკიცებისათვის საკანონმდებლო წინადადებებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების სფეროში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მხარეები პრიორიტეტულად მიიჩნევენ საკანონმდებლო დონეზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო დაცვას; აცნობიერებენ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის საკონსტიტუციო სარჩელებითა და სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) წერილობითი წარდგინებით მიმართვის აუცილებლობას და გამოხატავენ მზადყოფნას აღნიშნულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობისათვის.

საქართველოს საკანონმდებლო აქტებში არსებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ დებულებების დახვეწის მიზნით, შეთანხმების საფუძველზე, მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ საკანონმდებლო წინადადებებს და წარუდგენენ განსახილველად საქართველოს პარლამენტს.

ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განმტკიცებისათვის, საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით, ითანამშრომლებენ და მოამზადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელებს და მეგობრის წერილებს.

ურთიერთთანამშრომლობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ თვეში ერთხელ გამართონ შეხვედრები, რათა დაგეგმონ ურთიერთთანამშრომლობის გზები, კონკრეტული მიმართულებები და გაცვალონ ინფორმაცია.

Saturday, May 8, 2010

მედიის უფლებების დაცვა “42-ე მუხლის” პრიორიტეტად რჩება


პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” სპეციალურ ბრიფინგს მართავს.
ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნაზი ჯანეზაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი მანანა კობახიძე ჟურნალისტებს გააცნობენ 2009 წელს საქართველოში მედიის საქმიანობის შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ დასკვნებსა და შეფასებებს, ისაუბრებენ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევების და ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე.
ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლს” ათობით საქმე აქვს ნაწარმოები ადგილობრივ სასამართლოებში ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად. ორგანიზაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას იყოს ჟურნალისტთა და მედიის წარმომადგენელთა ინტერესების დამცველი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მოუწოდებს მედიის ყველა წარმომადგენელს _ გადაარჩინონ საქართველოში პროფესია ჟურნალისტი, დაიცვან საკუთარი დამოუკიდებლობა, სიმართლე და პროფესიული ღირსება.
ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს და ამიტომ მოუწოდებს, თავი შეიკავოს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევისაგან, სასწრაფოდ უზრუნველყოს ჟურნალისტთა საქმიანობისათვის ხელის შეშლის ყველა ფაქტის გამოძიება და მოხდინოს ადეკვატური რეაგირება საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებსა და შეფასებებზე, რომლებიც მედიაში არსებული ვითარებას და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევების ფაქტებს ეხება.

">

ტრენინგი სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ადვოკატებისათვის


ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ექსპერტები ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა ქსელის წარმომადგენელებს ბორჯომში შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ “ევროკონვენციითა დაცული სიცოცხლის უფლება და ევროსასამართლოსადმი მიმართვის პროცედურები”. შეხვედრა გახსნა ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარემ ნაზი ჯანეზაშვილმა. სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ადვოკატებმა “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ექსპერტებთან ერთად იმსჯელესნ ევროსასამართლოსადმი მიმართვის პროცედურებსა და საქმის წარმოებაზე; სპეციალური მოხსენებები გაკეთდა ევროკონვენციით დაცული სიცოცხლის უფლებასა და დაავადებულ პატიმრებთან მიმართებაში ევროსასამართლოს რეგლამენტის მიხედვით დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.
“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” “ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატების ქსელის” წარმომადგენლებთან რეგულარულად აწყობს შეხვედრებს. აღნიშნული გაერთიანება სწორედ ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ინიციატივით შეიქმნა 2006 წელს და მასში 50-ზე მეტი ადვოკატია გაერთიანებული მთელი საქართველოს მასშტაბით. ქსელის მიზანია, ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე პრაქტიკოსი ადვოკატების პროფესიონალიზმის ზრდა, საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და პრეცედენტული სამართლის დანერგვის გზით საქართველოს კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების გაძლიერება.
შეხვედრა გაიმართა პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან "ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი" და "ინტერაითსი" (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ "სომხური ინსტიტუტი განვითარებისათვის" (სომხეთი) და "სამართლებრივი განათლების საზოგადოება" (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF RE ფონდის მიერ.

საკონსტიტუციო სამართალწარმოება და მედიის როლი სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში


არასამთავრობო ორგანიზაცია «კონსტიტუციის 42-ე მუხლის ორგანიზებით 13-14 მარტს თელავში გაიმართა ტრეინინგი «საკონსტიტუციო სამართალწარმოება და მედიის როლი სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებმა. ტრენინგზე «კონსტიტუციის 42-ე მუხლის» ექსპერტების გარდა, მოწვეულნი იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ექსპერტი თეიმურაზ ტუღუში და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე. ტრენინგი გახსნა « კონსტიტუციის 42-ე მუხლის » აღმასრულებელმა დირექტორმა მანანა კობახიძემ. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი, საქმიანობის თავისებურებანი, დანერგილი სიახლეები, შედეგები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. «კონსტიტუციის 42-ე მუხლის » ექსპერტმა დიმიტრი ხაჩიძემ, რომელიც ამავე დროს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ისაუბრა საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილზე კონსტიტუცის პროექტში. ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო ორგანიზაცია «კონსტიტუციის 42-ე მუხლის » საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკა _ მიმდინარე და უკვე განხილული სარჩელები და მნიშვნელოვანი შედეგები. ჟურნალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მედიის როლს სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში. მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ კოლეგებთან ერთად ისაუბრა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე. შეხვედრა გაიმართა პროექტის “საზოგადოების მოთხოვნის გაზრდა უკეთეს კანონმდებლობაზე” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ამერიკული ორგანიზაცია “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” მხადაჭერით. პროექტის მიზანია, მოქმედ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური ნორმებისა და ხარვეზების გამოვლენითა და აღმოფხვრის გზით ქართული კანონმდებლობის დახვეწა, დაზარალებულთა უფლებების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლო და არასამთავრობო ორგანიზაციები


2010 წლის 5 მარტს სასტუმრო « ამბასადორში» ორგანიზაცია «კონსტიტუციის 42-ე მუხლის» ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი მის განვითარებაში». შეხვედრა გახსნა ორგანიზაცია «კონსტიტუციის 42-ე მუხლის» აღმასრულებელმა დირექტორმა მანანა კობახიძემ. შეხვედრაში მონაწილობას მიიღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განიხილეს საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებული სხვადასვა საკითხები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და პრაქტიკა. შეხვედრა გაიმართება პროექტის “საზოგადოების მოთხოვნის გაზრდა უკეთეს კანონმდებლობაზე” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ამერიკული ორგანიზაცია “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” ფარგლებში. პროექტის მიზანია, მოქმედ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური ნორმებისა და ხარვეზების გამოვლენითა და აღმოფხვრის გზით ქართული კანონმდებლობის დახვეწა, დაზარალებულთა უფლებების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საქმისწარმოება ევროსასამართლოში


2010 წლის 23 თებერვალს სასტუმრო « თბილისი მერიოტში » ორგანიზაცია « კონსტიტუციის 42-ე მუხლის » ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი ტრენინგ-სემინარი «რუსეთ საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა საქმეთა წარმოება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში». სპეციალურად ტრენინგისათვის საქართველოში დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ «ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის» ექსპერტები ჯოანა ევანსი და ჯემაიმა სტრატფორდი, რომლებმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად ტრენინგის მონაწილეთათვის გააკეთეს მოხსენებები ევროსასამართლოში გაგზავნილ საქმეებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკუთრების უფლების მიმდინარე დარღვევები, იურისდიქციის საკითხები, დისკრიმინაცია და ეთნიკური წმენდა, ევროსასამართლოში საქმეების წარმოება განაცხადის წარდგენის შემდგომ ეტაპზე, დაცვის ადგილობრივ საშუალებათა ამოწურვა და ა.შ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ადვოკატებმა, რომლებიც ევროსასამართლოში აწარმოებენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საქმეებს. მონაწილეებმა ტრენინგზე ისაუბრეს მათ მიერ ევროსასამართლოში გაგზავნილი საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული სპეციფიკასა და პრობლემებზე, მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები. შეხვედრა გაიმართა პროექტის “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი” და “ინტერაითსი” (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ “ბარა” (სომხეთი) და “სამართლებრივი განათლების საზოგადოება” (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF RE ფონდის მიერ

Thursday, February 11, 2010

ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს კონკურსს



ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს სტაჟირებას რეგიონის იურისტებისთვის. სტაჟირების მსურველი კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
მუშაობის ინტერესი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში; ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.

სტაჟირება ანაზღაურებადია.

სტაჟირების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: vacancy@article42.ge 2010 წლის 25 თებერვლამდე.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლს" ახალი გამგეობა ჰყავს


"42-ე მუხლს" ახალი გამგეობა ჰყავს 2010 წლის 30 იანვარს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წევრთა საერთო კრება გაიმართა. კრებაზე ორგანიზაციის წევრებმა მოისმინეს აღმასრულებელი დირექტორის და გამგეობის თავმჯდომარის წლიური ანგარიშები, შეაჯამეს გასული წლის მუშაობის შედეგები. კრებაზე მოხდა ორგანიზაციის ახალი გამგეობის არჩევა. გამგეობის წევრად არჩეულ იქნენ არჩილ ჩოფიკაშვილი, თამარ გაბისონია, ნინო ელბაქიძე, ანა თვარაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. გამგეობის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე გახდა ნაზი ჯანეზაშვილი.

ტრეინინგი ევროკონვენციის მე-5 მუხლის შესახებ




23-24 იანვარს, ბაკურიანში, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის შესახებ, რომელიც ეხება თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას. ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები დინა ვედერნიკოვა და კარინა მოსკალენკო. ტრენინგში მონაწილეობას იღებდა ევროპული სასამართლოს პრაქტიკითა და სამართალწარმოებით დაინტერესებული საქართველოში მომუშავე 20 პრაქტიკოსი ადვოკატი. ტრეინინგი გაიმართა პროექტის 'სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან: 'ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი და ინტერაითსი. რეგიონალური პარტნიორები - 'სომხური ინსტიტუტეს განვითარებისათვის' და სამართლებრივი განათლების საზოგადეობა (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინასნებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF RE ფონდის მიერ.

Saturday, January 16, 2010

''კონსტიტუციის 42-ე მუხლის'' მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი პაპუაშვილს


“ბატონო გიორგი, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა კონსტიტუციური სარჩელით, რომლითაც ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 42-ე მუხლებთან მიმართებაში. მოსარჩელემ, აგრეთვე, მოითხოვა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება საქმის არსებითად გადაწყვეტამდე, რადგან მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მისი ქონების გასაყიდად დანიშნულია საჯარო აუქციონი და შესაძლოა არაკონსტიტუციური კანონის მოქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ნინო ბურჯანაძის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დღემდე საქმეზე არ არის დანიშნული მომხსენებელი მოსამართლე და ასევე გაურკვეველია, თუ როდის განიხილავს სასამართლო სარჩელის დასაშვებობის საკითხს. მიგვაჩნია, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გონივრულ ვადებში არ მოხდება განმწესრიგებელი სხდომის დანიშვნა, მაშინ მოსარჩელისათვის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება იქცევა მხოლოდ ფორმალურ უფლებად, რადგანაც მისთვის შეუძლებელი იქნება არაკონსტიტუციური ნორმის მოქმედების შედეგად დარღვეულ უფლებებში აღდგენა. ამასთანავე, სადავო ნორმამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გადასახადის გადამხდელ ნებისმიერ პირს, ამიტომ გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მონიჭებული უფლებამოსილება და უზრუნველყოთ სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის დანიშვნა უმოკლეს ვადებში, რათა საკონსტიტუციო სასამართლო დარჩეს ქვეყანაში კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად.”

ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა


ევროსასამართლომ გუშინ, 20 ოქტომბერს, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე “გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ” და საქართველოს სახელმწიფოს მიერ დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). საქმე ეხება 2004 წელს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიერ ევროსასამართლოში გაგზავნილ განაცხადს. განმცხადებელი დავით გორგილაძე ჩიოდა, რომ 1. მისი საქმე არ განიხილა კანონით დადგენილი წესით შექმნილმა სასამართლომ, რადგან საქმის განხილვა მოხდა ერთი მოსამართლისა და ორი არაიურისტი მსაჯულის მონაწილეობით და 2. იგი პატიმრობისას იმყოფებოდა არასათანადო პირობებში. ევროსასამართლომ იმსჯელა აღნიშნულის შესახებ და მიიჩნია, რომ საქართველოში მსაჯულთა ინსტიტუტი არ იყო კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი, რადგან არ არსებობდა არაიურისტ მსაჯულთა მიერ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის განმახორციელებელი სამართლებრივი რეგულირების ნორმა. რადგან 2003 წლისათვის საქართველოს უკვე რატიფიცირებული ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მას აღებული ჰქონდა ვალდებულება კანონით მოეხდინა სასამართლო სისტემის იმგვარი მოწყობა, რომ არ მომხდარიყო ევროკონვენციით დაცული პრინციპების დარღვევა. ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ გორგილაძისათვის პატიმრობის შეფარდება მოხდა არაკანონიერი სასამართლოს მიერ, რამაც მას დაურღვია ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ ფაქტის გამო ევროსასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი მითითება მისცა საქართველოს სახელმწიფოს. გადაწყვეტილებაში მან პირდაპირ მიუთითა, რომ განმცხადებლის მოთხოვნით სასამართლო პროცესის განახლება და საქმის არსებითი განხილვა წარმოადგენს ევროსასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის გამოსწორების ყველაზე ეფექტურ და ადეკვატურ საშუალებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას ვისი საქმის განხილვაც საქართველოში აღნიშნული წესით მოხდა, შეუძლია მოითხოვოს საქმის ხელახლა არსებითი განხილვა სასამართლოს მიერ. სახელმწიფოს კი არ აქვს უფლება უარი განაცხადოს აღნიშნულ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ევროსასამართლომ აგრეთვე იმსჯელა გორგილაძის მიმართ ევროკონვენციის მე-3 მუხლის _წამების აკრძალვა _ შესახებ და მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ მოხდა ამ მუხლის დარღვევაც, რადგან თბილისის მე-5 საპყრობილეში, სადაც იმყოფებოდა პატიმარი გორგილაძე, საკნები არ იყო სათანადოდ განიავებული, საპირფარეშო არ იყო გამოყოფილი საკნის დანარჩენი ნაწილისაგან, რაც განმცხადებელს არ უზრუნველყოფთა პირადი ჰიგიენის დაცვის უფლებით. განმცხადებელს უწევდა მორიგეობით ძილი; ასევე არ შეეძლო დღის რომელიმე მონაკვეთში საკნიდან გამოსვლა სხვა საქმით დაკავების ან გასეირნების მიზნით. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე აღნიშნულმა განმცხადებელ გორგილაძეს მიაყენა იმგვარი ტანჯვა, რაც სცილდება სასჯელისათვის აუცილებლად თანმხვედრ ტანჯვის დონეს. ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს განმცხადებლისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 000 ევროს გადახდა დააკისრა. გორგილაძე 2002 წელს მამა-შვილის მკვლელობისათვის ლანჩხუთში დააპატიმრეს. 2003 წლის 21 მაისს კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ერთი მოსამართლისა და ორი არაიურისტი მსაჯულის მონაწილეობით იგი დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამჟამად დავით გორგილაძე სასჯელს გეგუთის ნომერ მე-8 საპყრობილეში იხდის.

ევროსასამართლომ იგორ გიორგაძის მომხრეების საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა


ევროსასამართლომ 2009 წლის 27 ოქტომბერს, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე “ფანჯიკიძე და 6 სხვა საქართველოს წინააღმდეგ” და საქართველოს სახელმწიფოს მიერ დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). ევროსასამართლოში ფანჯიკიძის და სხვების ინტერესებს იცავდა ორგანიზაცია «კონსტიტუციის 42-ე მუხლი». საქმე ეხება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულების არჩილ ფანჯიკიძის, ზოია ფანჯიკიძის, გუჯარ ყურაშვილის, კახაბერ ქანთარიას, გიორგი გიორგაძის, ოთარ მელიქიძის და იოსებ ნადირაძის განაცხადს, რომლითაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ მიმართ მოხდა ევროკონვენციის მუხლების დარღვევა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების გამო. კერძოდ განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე მათ ვერ ისარგებლეს მათ მიერ არჩეული ადვოკატის მონაწილეობით, ადგილი ჰქონდა დაკავების შემდგომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას. ფანჯიკიძე, ყურაშვილი და ქანთარია ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათი საქმე არ განიხილა კანონით დადგენილი წესით შექმნილმა სასამართლომ, რადგან განაჩენი გამოიტანა ერთი მოსამართლისა და 2 სახალხო მსაჯულისგან შემდგარმა სასამართლომ. ევროსასამართლოში საქმე განიხილა ევროსასამართლოს შვიდი მოსამართლისაგან შემდგარმა სექციამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდა საქართველოს მოსამართლე ნონა წოწორიაც. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა მხოლოდ ევროკონვენციის მე-6 მუხლი _ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მათი საქმის განხილვა მართლაც არ მოხდა კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს მიერ. კერძოდ, ამ საქმეშიც, ისევე როგორც 20 ოქტომბერს გამოტანილ გადაწყვეტილებაში «გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ» ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოში სახალხო მსაჯულთა ინსტიტუტი არ იყო კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი, რადგან არ არსებობდა არაიურისტ მსაჯულთა მიერ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის განმახორციელებელი სამართლებრივი რეგულირების ნორმა. საქართველოს კი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებით აღებული ჰქონდა ვალდებულება, კანონით მოეხდინა სასამართლო სისტემის იმგვარი მოწყობა, რომ არ მომხდარიყო ევროკონვენციით დაცული პრინციპების დარღვევა. შესაბამისად, ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ სახალხო მსაჯულთა მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება არის უკანონო, არღვევს ევროკონვენციის მე-6 მუხლს და ნებისმიერ პირს, ვისი საქმის განხილვაც მოხდა სახალხო მსაჯულების მიერ, უფლება აქვს მოითხოვოს საქმის ხელახლა არსებითად განხილვა. ევროსასამართლომ ფანჯიკიძის, ყურაშვილისა და ქანთარიას სასარგებლოდ სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 2000 ევროს გადახდა დააკისრა. -დასასრული- დამატებითი ინფორმაცია: 1999 წელს უშიშროების სამინისტროს მიერ დაიწყო სისხლის სამართლებრივ დევნა იმ დაჯგუფების მიმართ, რომელიც, სამართალდამცავების ინფორმაციით, მიზნად ისახავდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, უშიშროების და თავდაცვის მინისტრების მკვლელობის გზით. გამოძიების ვერსიით ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობადა საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე. ფანჯიკიძე, ყურაშვილი, ქანთარია და გიორგაძე, 2001 წელს ფარული მოსმენების საფუძველზე დააკავეს და ბრალი წაუყენეს შეთქმულების ფორმით ჩადენილი ღალატის ორგანიზატორობის, ტერორისტული აქტის მომზადებისა და მცდელობის, უკანონო შეირაღებული ფორმირების შექმნის, ამ ფორმირებაში მონაწილეობის, იარაღის უკანონო ყიდვის, შენახვის, ტარების და გადატანისათვის. 2001 წლის 8 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის მონაწილეობით გამოიტანა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი და განმცხადებლები დამნაშავედ ცნო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად მოწყობილ შეთქმულებაში. ფანჯიკიძე აგრეთვე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონო ყიდვასა და გადაზიდვისათვის. სასამართლომ ფანჯიკიძეს, ყურაშვილსა და ქანთარიას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგაძეს ორი წლით და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა შუფარდა

რეგიონალური სასწავლო ვიზიტი


2009 წლის 8-13 ნოემბერს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ორგანიზება გაუკეთა რეგიონალურ სასწავლო ვიზიტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს “კონსტიტუციის 42-ე მუხლის”, “სამართლებრივი განათლების საზოგადოებისა” (აზერბაიჯანი) და “სომხური ინსტიტუტი განვითარებისათვის” (სომხეთი) წარმომადგენლებმა. ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის საქმიანობის გაცნობა. შეხვედრა შედგა პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი” და “ინტერაითსი” (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ “სომხური ინსტიტუტი განვითარებისათვის” (სომხეთი) და “სამართლებრივი განათლების საზოგადოება” (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF RE ფონდის მიერ. “სტრატეგიული სმართალწარმოება კავკასიაში” ფარგლებში

2009 წელს კიდევ ხუთი საქმე დაფინანსდა


ორგანიაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” 2006 წლიდან ახორციელებს პროექტს “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში”, რომლის საერთაშორისო პარტნიორები არიან “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი”, “ინტერაითსი” (INTERIGHTS) და “ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი” (EHRAC). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF RE ფონდის მიერ. პროექტის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის სტრატეგიული საქმეების დაფინანსება. 2006 წლიდან დღემდე კონკურსის გზით შეირჩა და დაფინანსდა 11 სტრატეგიული საქმე სადაც ადგილი აქვს ევროკონვენციის სხვადსხხვა მუხლებით დაცული უფლებების დარღვევას. მათ შორის 5 საქმე დაფინასდა 2009 წელს. შერჩეულ საქმეებზე ადვოკატები იღებენ არა მარტო პროექტით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას არამედ აქვთ შესაძლებლობა სამართლებრივი კონსულტაციისათვის მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და “კონსტიტუციის 42 მუხლს”. პოექტის ფარგლებში დაფინანსებულ 9 საქმეში სამართლებრივი კონსულტანტის სახით ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაცია “ინტერაითსი”; ხოლო ბოლო ორ საქმეში, რომელიც შეეხება 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ადვოკატების სამართლებრივ კონსულტირებას ახორციელებს “ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი” (EHRAC).

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა:
- ქვეყანაში არსებული მოწყლადი და მარგინალური ჯგუფებისათვის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩათვლით, სამართლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
- ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანოთა პრეცედენტული სამართლისა და სტანდარტებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დაჩქარება;
- პრაქტიკოსი, ასევე მომავალი ადვოკატების პროფესიონალური დონის ამაღლება;
საქართველოში მცირე საწარმოთათვის სამართლიანი იურიდიული გარემოსა და ბიზნეს-ეთიკის დამკვიდრების ხელშეწყობა.

კლინიკა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათის

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდა იურისტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან. დაარსებიდან დღემდე "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ეგიდით არა ერთი ტრეინინგი, სემინარი და შეხვედრა გამართულა. ორგანიზაცია ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს კვალიფიციური ადვოკატების მომზადებაში. ამ მიზნით, ჩვენთან არსებული "იურიდიული კლინიკის" ფარგლებში დამწყებ იურისტებს ვასწავლით საადვოკატო საქმიანობას.