Saturday, January 16, 2010

''კონსტიტუციის 42-ე მუხლის'' მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი პაპუაშვილს


“ბატონო გიორგი, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა კონსტიტუციური სარჩელით, რომლითაც ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 42-ე მუხლებთან მიმართებაში. მოსარჩელემ, აგრეთვე, მოითხოვა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება საქმის არსებითად გადაწყვეტამდე, რადგან მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მისი ქონების გასაყიდად დანიშნულია საჯარო აუქციონი და შესაძლოა არაკონსტიტუციური კანონის მოქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ნინო ბურჯანაძის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დღემდე საქმეზე არ არის დანიშნული მომხსენებელი მოსამართლე და ასევე გაურკვეველია, თუ როდის განიხილავს სასამართლო სარჩელის დასაშვებობის საკითხს. მიგვაჩნია, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გონივრულ ვადებში არ მოხდება განმწესრიგებელი სხდომის დანიშვნა, მაშინ მოსარჩელისათვის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება იქცევა მხოლოდ ფორმალურ უფლებად, რადგანაც მისთვის შეუძლებელი იქნება არაკონსტიტუციური ნორმის მოქმედების შედეგად დარღვეულ უფლებებში აღდგენა. ამასთანავე, სადავო ნორმამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გადასახადის გადამხდელ ნებისმიერ პირს, ამიტომ გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მონიჭებული უფლებამოსილება და უზრუნველყოთ სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის დანიშვნა უმოკლეს ვადებში, რათა საკონსტიტუციო სასამართლო დარჩეს ქვეყანაში კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად.”

ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა


ევროსასამართლომ გუშინ, 20 ოქტომბერს, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე “გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ” და საქართველოს სახელმწიფოს მიერ დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). საქმე ეხება 2004 წელს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიერ ევროსასამართლოში გაგზავნილ განაცხადს. განმცხადებელი დავით გორგილაძე ჩიოდა, რომ 1. მისი საქმე არ განიხილა კანონით დადგენილი წესით შექმნილმა სასამართლომ, რადგან საქმის განხილვა მოხდა ერთი მოსამართლისა და ორი არაიურისტი მსაჯულის მონაწილეობით და 2. იგი პატიმრობისას იმყოფებოდა არასათანადო პირობებში. ევროსასამართლომ იმსჯელა აღნიშნულის შესახებ და მიიჩნია, რომ საქართველოში მსაჯულთა ინსტიტუტი არ იყო კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი, რადგან არ არსებობდა არაიურისტ მსაჯულთა მიერ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის განმახორციელებელი სამართლებრივი რეგულირების ნორმა. რადგან 2003 წლისათვის საქართველოს უკვე რატიფიცირებული ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მას აღებული ჰქონდა ვალდებულება კანონით მოეხდინა სასამართლო სისტემის იმგვარი მოწყობა, რომ არ მომხდარიყო ევროკონვენციით დაცული პრინციპების დარღვევა. ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ გორგილაძისათვის პატიმრობის შეფარდება მოხდა არაკანონიერი სასამართლოს მიერ, რამაც მას დაურღვია ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ ფაქტის გამო ევროსასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი მითითება მისცა საქართველოს სახელმწიფოს. გადაწყვეტილებაში მან პირდაპირ მიუთითა, რომ განმცხადებლის მოთხოვნით სასამართლო პროცესის განახლება და საქმის არსებითი განხილვა წარმოადგენს ევროსასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის გამოსწორების ყველაზე ეფექტურ და ადეკვატურ საშუალებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას ვისი საქმის განხილვაც საქართველოში აღნიშნული წესით მოხდა, შეუძლია მოითხოვოს საქმის ხელახლა არსებითი განხილვა სასამართლოს მიერ. სახელმწიფოს კი არ აქვს უფლება უარი განაცხადოს აღნიშნულ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ევროსასამართლომ აგრეთვე იმსჯელა გორგილაძის მიმართ ევროკონვენციის მე-3 მუხლის _წამების აკრძალვა _ შესახებ და მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ მოხდა ამ მუხლის დარღვევაც, რადგან თბილისის მე-5 საპყრობილეში, სადაც იმყოფებოდა პატიმარი გორგილაძე, საკნები არ იყო სათანადოდ განიავებული, საპირფარეშო არ იყო გამოყოფილი საკნის დანარჩენი ნაწილისაგან, რაც განმცხადებელს არ უზრუნველყოფთა პირადი ჰიგიენის დაცვის უფლებით. განმცხადებელს უწევდა მორიგეობით ძილი; ასევე არ შეეძლო დღის რომელიმე მონაკვეთში საკნიდან გამოსვლა სხვა საქმით დაკავების ან გასეირნების მიზნით. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე აღნიშნულმა განმცხადებელ გორგილაძეს მიაყენა იმგვარი ტანჯვა, რაც სცილდება სასჯელისათვის აუცილებლად თანმხვედრ ტანჯვის დონეს. ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს განმცხადებლისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 000 ევროს გადახდა დააკისრა. გორგილაძე 2002 წელს მამა-შვილის მკვლელობისათვის ლანჩხუთში დააპატიმრეს. 2003 წლის 21 მაისს კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ერთი მოსამართლისა და ორი არაიურისტი მსაჯულის მონაწილეობით იგი დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამჟამად დავით გორგილაძე სასჯელს გეგუთის ნომერ მე-8 საპყრობილეში იხდის.

ევროსასამართლომ იგორ გიორგაძის მომხრეების საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა


ევროსასამართლომ 2009 წლის 27 ოქტომბერს, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე “ფანჯიკიძე და 6 სხვა საქართველოს წინააღმდეგ” და საქართველოს სახელმწიფოს მიერ დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). ევროსასამართლოში ფანჯიკიძის და სხვების ინტერესებს იცავდა ორგანიზაცია «კონსტიტუციის 42-ე მუხლი». საქმე ეხება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულების არჩილ ფანჯიკიძის, ზოია ფანჯიკიძის, გუჯარ ყურაშვილის, კახაბერ ქანთარიას, გიორგი გიორგაძის, ოთარ მელიქიძის და იოსებ ნადირაძის განაცხადს, რომლითაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ მიმართ მოხდა ევროკონვენციის მუხლების დარღვევა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების გამო. კერძოდ განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე მათ ვერ ისარგებლეს მათ მიერ არჩეული ადვოკატის მონაწილეობით, ადგილი ჰქონდა დაკავების შემდგომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას. ფანჯიკიძე, ყურაშვილი და ქანთარია ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათი საქმე არ განიხილა კანონით დადგენილი წესით შექმნილმა სასამართლომ, რადგან განაჩენი გამოიტანა ერთი მოსამართლისა და 2 სახალხო მსაჯულისგან შემდგარმა სასამართლომ. ევროსასამართლოში საქმე განიხილა ევროსასამართლოს შვიდი მოსამართლისაგან შემდგარმა სექციამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდა საქართველოს მოსამართლე ნონა წოწორიაც. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა მხოლოდ ევროკონვენციის მე-6 მუხლი _ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მათი საქმის განხილვა მართლაც არ მოხდა კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს მიერ. კერძოდ, ამ საქმეშიც, ისევე როგორც 20 ოქტომბერს გამოტანილ გადაწყვეტილებაში «გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ» ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოში სახალხო მსაჯულთა ინსტიტუტი არ იყო კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი, რადგან არ არსებობდა არაიურისტ მსაჯულთა მიერ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის განმახორციელებელი სამართლებრივი რეგულირების ნორმა. საქართველოს კი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებით აღებული ჰქონდა ვალდებულება, კანონით მოეხდინა სასამართლო სისტემის იმგვარი მოწყობა, რომ არ მომხდარიყო ევროკონვენციით დაცული პრინციპების დარღვევა. შესაბამისად, ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ სახალხო მსაჯულთა მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება არის უკანონო, არღვევს ევროკონვენციის მე-6 მუხლს და ნებისმიერ პირს, ვისი საქმის განხილვაც მოხდა სახალხო მსაჯულების მიერ, უფლება აქვს მოითხოვოს საქმის ხელახლა არსებითად განხილვა. ევროსასამართლომ ფანჯიკიძის, ყურაშვილისა და ქანთარიას სასარგებლოდ სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 2000 ევროს გადახდა დააკისრა. -დასასრული- დამატებითი ინფორმაცია: 1999 წელს უშიშროების სამინისტროს მიერ დაიწყო სისხლის სამართლებრივ დევნა იმ დაჯგუფების მიმართ, რომელიც, სამართალდამცავების ინფორმაციით, მიზნად ისახავდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, უშიშროების და თავდაცვის მინისტრების მკვლელობის გზით. გამოძიების ვერსიით ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობადა საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე. ფანჯიკიძე, ყურაშვილი, ქანთარია და გიორგაძე, 2001 წელს ფარული მოსმენების საფუძველზე დააკავეს და ბრალი წაუყენეს შეთქმულების ფორმით ჩადენილი ღალატის ორგანიზატორობის, ტერორისტული აქტის მომზადებისა და მცდელობის, უკანონო შეირაღებული ფორმირების შექმნის, ამ ფორმირებაში მონაწილეობის, იარაღის უკანონო ყიდვის, შენახვის, ტარების და გადატანისათვის. 2001 წლის 8 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის მონაწილეობით გამოიტანა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი და განმცხადებლები დამნაშავედ ცნო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად მოწყობილ შეთქმულებაში. ფანჯიკიძე აგრეთვე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონო ყიდვასა და გადაზიდვისათვის. სასამართლომ ფანჯიკიძეს, ყურაშვილსა და ქანთარიას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგაძეს ორი წლით და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა შუფარდა

რეგიონალური სასწავლო ვიზიტი


2009 წლის 8-13 ნოემბერს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ორგანიზება გაუკეთა რეგიონალურ სასწავლო ვიზიტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს “კონსტიტუციის 42-ე მუხლის”, “სამართლებრივი განათლების საზოგადოებისა” (აზერბაიჯანი) და “სომხური ინსტიტუტი განვითარებისათვის” (სომხეთი) წარმომადგენლებმა. ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის საქმიანობის გაცნობა. შეხვედრა შედგა პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი” და “ინტერაითსი” (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ “სომხური ინსტიტუტი განვითარებისათვის” (სომხეთი) და “სამართლებრივი განათლების საზოგადოება” (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF RE ფონდის მიერ. “სტრატეგიული სმართალწარმოება კავკასიაში” ფარგლებში

2009 წელს კიდევ ხუთი საქმე დაფინანსდა


ორგანიაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” 2006 წლიდან ახორციელებს პროექტს “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში”, რომლის საერთაშორისო პარტნიორები არიან “ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი”, “ინტერაითსი” (INTERIGHTS) და “ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი” (EHRAC). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF RE ფონდის მიერ. პროექტის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის სტრატეგიული საქმეების დაფინანსება. 2006 წლიდან დღემდე კონკურსის გზით შეირჩა და დაფინანსდა 11 სტრატეგიული საქმე სადაც ადგილი აქვს ევროკონვენციის სხვადსხხვა მუხლებით დაცული უფლებების დარღვევას. მათ შორის 5 საქმე დაფინასდა 2009 წელს. შერჩეულ საქმეებზე ადვოკატები იღებენ არა მარტო პროექტით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას არამედ აქვთ შესაძლებლობა სამართლებრივი კონსულტაციისათვის მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და “კონსტიტუციის 42 მუხლს”. პოექტის ფარგლებში დაფინანსებულ 9 საქმეში სამართლებრივი კონსულტანტის სახით ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაცია “ინტერაითსი”; ხოლო ბოლო ორ საქმეში, რომელიც შეეხება 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ადვოკატების სამართლებრივ კონსულტირებას ახორციელებს “ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი” (EHRAC).

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა:
- ქვეყანაში არსებული მოწყლადი და მარგინალური ჯგუფებისათვის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩათვლით, სამართლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
- ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანოთა პრეცედენტული სამართლისა და სტანდარტებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დაჩქარება;
- პრაქტიკოსი, ასევე მომავალი ადვოკატების პროფესიონალური დონის ამაღლება;
საქართველოში მცირე საწარმოთათვის სამართლიანი იურიდიული გარემოსა და ბიზნეს-ეთიკის დამკვიდრების ხელშეწყობა.

კლინიკა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათის

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდა იურისტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან. დაარსებიდან დღემდე "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ეგიდით არა ერთი ტრეინინგი, სემინარი და შეხვედრა გამართულა. ორგანიზაცია ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს კვალიფიციური ადვოკატების მომზადებაში. ამ მიზნით, ჩვენთან არსებული "იურიდიული კლინიკის" ფარგლებში დამწყებ იურისტებს ვასწავლით საადვოკატო საქმიანობას.