“ბატონო გიორგი, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა კონსტიტუციური სარჩელით, რომლითაც ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 42-ე მუხლებთან მიმართებაში. მოსარჩელემ, აგრეთვე, მოითხოვა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება საქმის არსებითად გადაწყვეტამდე, რადგან მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მისი ქონების გასაყიდად დანიშნულია საჯარო აუქციონი და შესაძლოა არაკონსტიტუციური კანონის მოქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ნინო ბურჯანაძის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დღემდე საქმეზე არ არის დანიშნული მომხსენებელი მოსამართლე და ასევე გაურკვეველია, თუ როდის განიხილავს სასამართლო სარჩელის დასაშვებობის საკითხს. მიგვაჩნია, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გონივრულ ვადებში არ მოხდება განმწესრიგებელი სხდომის დანიშვნა, მაშინ მოსარჩელისათვის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება იქცევა მხოლოდ ფორმალურ უფლებად, რადგანაც მისთვის შეუძლებელი იქნება არაკონსტიტუციური ნორმის მოქმედების შედეგად დარღვეულ უფლებებში აღდგენა. ამასთანავე, სადავო ნორმამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გადასახადის გადამხდელ ნებისმიერ პირს, ამიტომ გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მონიჭებული უფლებამოსილება და უზრუნველყოთ სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის დანიშვნა უმოკლეს ვადებში, რათა საკონსტიტუციო სასამართლო დარჩეს ქვეყანაში კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად.”
0 comments:
Post a Comment
თქვენი კომენტარი მნიშვნელოვანია!