Monday, December 19, 2011

სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ევროკონვენციის მიხედვით


ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ინტერპრეტაციისას სასამართლომ მრავალ საქმეზე იმსჯელა და დაადგინა, რომ სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება წარმოადგენს ამ პუნქტით დაცულ და უზრუნველყოფილ ერთ-ერთ უფლებას. სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, თუმცა საჭიროებს სახელმწიფოების მიერ სათანადო რეგულირებას.

ევროსასამართლომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა საქმეში "გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ" (GOLDER v. THE UNITED KINGDOM. Judgment of 21 February 1975.), სადაც პატიმარს უარი ეთქვა მის ადვოკატთან დაკავშირებაზე, რადგან ის აპირებდა სარჩელის აღძვრას საპატიმროს ოფიცერის წინააღმდეგ. ევროსასამართლო ამ დროს დადგა ფაქტის წინაშე ემსჯელა, მოიცავდა თუ არა 6.1. მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლებას მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებიც უკვე განხილვის სტადიაზე იყო, თუ ვრცელდებოდა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება იმ პირებზეც, რომელთაც უნდოდათ განეხორციელებინათ მოქმედებები თავიანთი სამოქალაქო უფლებებისა თუ ვალდებულებების დასაცავად. სასამართლომ აღნიშნა, რომ: `სხვა შემთხვევაში, ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება ექნებოდა გაეუქმებინა თავისი სასამართლოები ან მისი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ მოექცია ასეთი ტიპის საქმეები, რაც შექმნიდა თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეს და კანონიერების პრინციპების უარყოფას~. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული რეგულირება ბუნებრივია უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფოს მიერ და შესაძლებელია მერყეობდეს მოცემული დროისა და ადგილის მიხედვით, საჭიროებების შესაბამისად. გარდა ამისა, კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში მიიღება საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებები და რესურსები. ამგვარი რეგულირებისას სახელმწიფოს აქვს შეფასების საკმაოდ ფართო არეალი, მაგრამ ასეთი შეფასებისას არ უნდა დააზიანოს ან კონფლიქტში შევიდეს კონვენციით გათვალისწინებულ სხვა უფლებებთან. სასამართლომ მის მიერ განხილულ საქმეებში განმარტა, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს მეექვსე მუხლთან შესაბამისობაში, კერძოდ: `ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, ხოლო გამოყენებული საშუალებები პროპორციულად გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს დასახულ მიზანთან~. ეს კრიტერიუმები ხანდახან მოხსენიებულია როგორც “აშინგდანის პრინციპები”.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურაზე ან ხარჯების ანაზღაურებაზე სამოქალაქო საკითხებთან მიმართებაში, მაღალი გადასახადების დაკისრებამ სასამართლო განხილვისას შესაძლებელია, წარმოშვას პრობლემები სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის დაკისრებამ შესაძლოა იქონიოს ამკრძალავი ეფექტი, რითაც განმცხადებელს ფაქტობრივად შეეზღუდა საქმეში `აშინგდანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ~ (Ashingdan v. Unaited Kingdom. Judgment of 28 May 1985.) მოხსენიებული პრინციპებით სარგებლობის უფლება, ეს ჩაითვლება 6.1 მუხლის დარღვევად.

სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ უნდა არსებობდეს მხოლოდ თეორიულად, ის ამასთანავე უნდა იყოს ეფექტური. მაგალითად, თუ ღარიბ მოსარჩელეს სურს მიმართოს სასამართლოს ღირებულ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ საქმის სირთულის გამო ვერ ახერხებს იურისტის პროფესიონალური დახმარების გარეშე, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეს დახმარება, როგორც აუცილებელი პირობა განხორციელდეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება. (`აირეი ირლანდიის წინააღმდეგ~ 1979 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება. “AIREY v. IRLAND”. Judgment of 9 October 1979.)

სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება მოიცავს არა მარტო საქმის წარმოებას სასამართლოში, არამედ ასევე გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული უფლება მოითხოვს საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების იმპლემენტაციას, რომელიც არ უნდა დარჩეს უმოქმედოდ და ზიანს არ უნდა აყენებდეს მხარეებს. საქმეში `ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ~ (BURDOV v. RUSSIA) დროულად არ მოხდა კომპენსაციის გადახდა განმცხადებლისთვის. რის შესახებ სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებული ფინანსური სიძნელეები არ ათავისუფლებს მას იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მას დაკისრებული აქვს სასამართლო გადაწყვეტილებებით. 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში `აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ~ (განაცხადი #40765/02), სასამართლომ დაადგინა: `მთავრობის პოზიცია დაავალდებულოს განმცხადებელი აღსრულების პროცესის ინიცირებისთვის წინასწარი ხარჯების გადახდის მოთხოვნით, ამასთან ერთად, განმცხადებლის მატერიალური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობაც, იყო გადამეტებული ტვირთი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა იმ ზომით, რომ აკნინებდა უფლების არსს.” შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლი. ევროსასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა მოვალეობა შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები `სააღსრულებო წარმოებათა შესახებ~ საქართველოს კანონში სამი თვის ვადაში, რომელიც უფლებას მისცემს ყველა საქართველოს მოქალაქეს წინასწარი ხარჯების გაღების გარეშე აღსრულდეს მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მხოლოდ ნაწილია იმ ფუნდამენტური უფლების განსამარტად, რასაც სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება მოიცავს, თუმცა ვფიქრობთ, ეს ზოგად წარმოდგენას მაინც შეგვიქმნის თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ეფექტური შეიძლება იყოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოება, როდესაც ირღვევა კონვენციის დებულებებით გარანტირებული სხვა უფლებები.

ნიკოლოზ ლეგაშვილი
ადვოკატი
ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი


ბლოგზე გამოქვეყნებული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფიციალურ პოზიციას.

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა:
- ქვეყანაში არსებული მოწყლადი და მარგინალური ჯგუფებისათვის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩათვლით, სამართლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
- ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანოთა პრეცედენტული სამართლისა და სტანდარტებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დაჩქარება;
- პრაქტიკოსი, ასევე მომავალი ადვოკატების პროფესიონალური დონის ამაღლება;
საქართველოში მცირე საწარმოთათვის სამართლიანი იურიდიული გარემოსა და ბიზნეს-ეთიკის დამკვიდრების ხელშეწყობა.

კლინიკა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათის

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდა იურისტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან. დაარსებიდან დღემდე "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ეგიდით არა ერთი ტრეინინგი, სემინარი და შეხვედრა გამართულა. ორგანიზაცია ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს კვალიფიციური ადვოკატების მომზადებაში. ამ მიზნით, ჩვენთან არსებული "იურიდიული კლინიკის" ფარგლებში დამწყებ იურისტებს ვასწავლით საადვოკატო საქმიანობას.