Saturday, January 16, 2010

ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა


ევროსასამართლომ გუშინ, 20 ოქტომბერს, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე “გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ” და საქართველოს სახელმწიფოს მიერ დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). საქმე ეხება 2004 წელს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიერ ევროსასამართლოში გაგზავნილ განაცხადს. განმცხადებელი დავით გორგილაძე ჩიოდა, რომ 1. მისი საქმე არ განიხილა კანონით დადგენილი წესით შექმნილმა სასამართლომ, რადგან საქმის განხილვა მოხდა ერთი მოსამართლისა და ორი არაიურისტი მსაჯულის მონაწილეობით და 2. იგი პატიმრობისას იმყოფებოდა არასათანადო პირობებში. ევროსასამართლომ იმსჯელა აღნიშნულის შესახებ და მიიჩნია, რომ საქართველოში მსაჯულთა ინსტიტუტი არ იყო კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი, რადგან არ არსებობდა არაიურისტ მსაჯულთა მიერ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის განმახორციელებელი სამართლებრივი რეგულირების ნორმა. რადგან 2003 წლისათვის საქართველოს უკვე რატიფიცირებული ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მას აღებული ჰქონდა ვალდებულება კანონით მოეხდინა სასამართლო სისტემის იმგვარი მოწყობა, რომ არ მომხდარიყო ევროკონვენციით დაცული პრინციპების დარღვევა. ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ გორგილაძისათვის პატიმრობის შეფარდება მოხდა არაკანონიერი სასამართლოს მიერ, რამაც მას დაურღვია ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ ფაქტის გამო ევროსასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი მითითება მისცა საქართველოს სახელმწიფოს. გადაწყვეტილებაში მან პირდაპირ მიუთითა, რომ განმცხადებლის მოთხოვნით სასამართლო პროცესის განახლება და საქმის არსებითი განხილვა წარმოადგენს ევროსასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის გამოსწორების ყველაზე ეფექტურ და ადეკვატურ საშუალებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას ვისი საქმის განხილვაც საქართველოში აღნიშნული წესით მოხდა, შეუძლია მოითხოვოს საქმის ხელახლა არსებითი განხილვა სასამართლოს მიერ. სახელმწიფოს კი არ აქვს უფლება უარი განაცხადოს აღნიშნულ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ევროსასამართლომ აგრეთვე იმსჯელა გორგილაძის მიმართ ევროკონვენციის მე-3 მუხლის _წამების აკრძალვა _ შესახებ და მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ მოხდა ამ მუხლის დარღვევაც, რადგან თბილისის მე-5 საპყრობილეში, სადაც იმყოფებოდა პატიმარი გორგილაძე, საკნები არ იყო სათანადოდ განიავებული, საპირფარეშო არ იყო გამოყოფილი საკნის დანარჩენი ნაწილისაგან, რაც განმცხადებელს არ უზრუნველყოფთა პირადი ჰიგიენის დაცვის უფლებით. განმცხადებელს უწევდა მორიგეობით ძილი; ასევე არ შეეძლო დღის რომელიმე მონაკვეთში საკნიდან გამოსვლა სხვა საქმით დაკავების ან გასეირნების მიზნით. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე აღნიშნულმა განმცხადებელ გორგილაძეს მიაყენა იმგვარი ტანჯვა, რაც სცილდება სასჯელისათვის აუცილებლად თანმხვედრ ტანჯვის დონეს. ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს განმცხადებლისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 000 ევროს გადახდა დააკისრა. გორგილაძე 2002 წელს მამა-შვილის მკვლელობისათვის ლანჩხუთში დააპატიმრეს. 2003 წლის 21 მაისს კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ერთი მოსამართლისა და ორი არაიურისტი მსაჯულის მონაწილეობით იგი დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამჟამად დავით გორგილაძე სასჯელს გეგუთის ნომერ მე-8 საპყრობილეში იხდის.

0 comments:

Post a Comment

თქვენი კომენტარი მნიშვნელოვანია!

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა:
- ქვეყანაში არსებული მოწყლადი და მარგინალური ჯგუფებისათვის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩათვლით, სამართლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
- ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანოთა პრეცედენტული სამართლისა და სტანდარტებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დაჩქარება;
- პრაქტიკოსი, ასევე მომავალი ადვოკატების პროფესიონალური დონის ამაღლება;
საქართველოში მცირე საწარმოთათვის სამართლიანი იურიდიული გარემოსა და ბიზნეს-ეთიკის დამკვიდრების ხელშეწყობა.

კლინიკა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათის

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდა იურისტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან. დაარსებიდან დღემდე "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ეგიდით არა ერთი ტრეინინგი, სემინარი და შეხვედრა გამართულა. ორგანიზაცია ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს კვალიფიციური ადვოკატების მომზადებაში. ამ მიზნით, ჩვენთან არსებული "იურიდიული კლინიკის" ფარგლებში დამწყებ იურისტებს ვასწავლით საადვოკატო საქმიანობას.