ევროსასამართლომ 2009 წლის 27 ოქტომბერს, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე “ფანჯიკიძე და 6 სხვა საქართველოს წინააღმდეგ” და საქართველოს სახელმწიფოს მიერ დარღვეულად ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). ევროსასამართლოში ფანჯიკიძის და სხვების ინტერესებს იცავდა ორგანიზაცია «კონსტიტუციის 42-ე მუხლი». საქმე ეხება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულების არჩილ ფანჯიკიძის, ზოია ფანჯიკიძის, გუჯარ ყურაშვილის, კახაბერ ქანთარიას, გიორგი გიორგაძის, ოთარ მელიქიძის და იოსებ ნადირაძის განაცხადს, რომლითაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ მიმართ მოხდა ევროკონვენციის მუხლების დარღვევა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების გამო. კერძოდ განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე მათ ვერ ისარგებლეს მათ მიერ არჩეული ადვოკატის მონაწილეობით, ადგილი ჰქონდა დაკავების შემდგომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას. ფანჯიკიძე, ყურაშვილი და ქანთარია ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათი საქმე არ განიხილა კანონით დადგენილი წესით შექმნილმა სასამართლომ, რადგან განაჩენი გამოიტანა ერთი მოსამართლისა და 2 სახალხო მსაჯულისგან შემდგარმა სასამართლომ. ევროსასამართლოში საქმე განიხილა ევროსასამართლოს შვიდი მოსამართლისაგან შემდგარმა სექციამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდა საქართველოს მოსამართლე ნონა წოწორიაც. ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა მხოლოდ ევროკონვენციის მე-6 მუხლი _ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მათი საქმის განხილვა მართლაც არ მოხდა კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს მიერ. კერძოდ, ამ საქმეშიც, ისევე როგორც 20 ოქტომბერს გამოტანილ გადაწყვეტილებაში «გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ» ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოში სახალხო მსაჯულთა ინსტიტუტი არ იყო კანონით გათვალისწინებული წესით შექმნილი, რადგან არ არსებობდა არაიურისტ მსაჯულთა მიერ სასამართლო ხელისუფლების ფუნქციის განმახორციელებელი სამართლებრივი რეგულირების ნორმა. საქართველოს კი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებით აღებული ჰქონდა ვალდებულება, კანონით მოეხდინა სასამართლო სისტემის იმგვარი მოწყობა, რომ არ მომხდარიყო ევროკონვენციით დაცული პრინციპების დარღვევა. შესაბამისად, ევროსასამართლომ ჩათვალა, რომ სახალხო მსაჯულთა მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება არის უკანონო, არღვევს ევროკონვენციის მე-6 მუხლს და ნებისმიერ პირს, ვისი საქმის განხილვაც მოხდა სახალხო მსაჯულების მიერ, უფლება აქვს მოითხოვოს საქმის ხელახლა არსებითად განხილვა. ევროსასამართლომ ფანჯიკიძის, ყურაშვილისა და ქანთარიას სასარგებლოდ სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 2000 ევროს გადახდა დააკისრა. -დასასრული- დამატებითი ინფორმაცია: 1999 წელს უშიშროების სამინისტროს მიერ დაიწყო სისხლის სამართლებრივ დევნა იმ დაჯგუფების მიმართ, რომელიც, სამართალდამცავების ინფორმაციით, მიზნად ისახავდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, უშიშროების და თავდაცვის მინისტრების მკვლელობის გზით. გამოძიების ვერსიით ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობადა საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე. ფანჯიკიძე, ყურაშვილი, ქანთარია და გიორგაძე, 2001 წელს ფარული მოსმენების საფუძველზე დააკავეს და ბრალი წაუყენეს შეთქმულების ფორმით ჩადენილი ღალატის ორგანიზატორობის, ტერორისტული აქტის მომზადებისა და მცდელობის, უკანონო შეირაღებული ფორმირების შექმნის, ამ ფორმირებაში მონაწილეობის, იარაღის უკანონო ყიდვის, შენახვის, ტარების და გადატანისათვის. 2001 წლის 8 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ერთი მოსამართლისა და ორი მსაჯულის მონაწილეობით გამოიტანა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი და განმცხადებლები დამნაშავედ ცნო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად მოწყობილ შეთქმულებაში. ფანჯიკიძე აგრეთვე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონო ყიდვასა და გადაზიდვისათვის. სასამართლომ ფანჯიკიძეს, ყურაშვილსა და ქანთარიას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგაძეს ორი წლით და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა შუფარდა
0 comments:
Post a Comment
თქვენი კომენტარი მნიშვნელოვანია!